საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
„თელავის ხევის რეაბილიტაციით ქალაქი გახდება უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული. ჩვენი მიზანია, მსგავსი სტიქიური მოვლენების რისკები მომავალში მაქსიმალურად შევამციროთ. პროექტის ფარგლებში შეფასდება ხევის მიმდებარედ არსებული ნაგებობების მდგომარეობაც. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დაადგენს საფრთხის არსებობას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის გამოსყიდვა ან მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა“ – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ თელავში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.















