ილია ელოშვილი – უფასო სასადილოების მუშაობის შეწყვეტაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც კვების წესები იცვლება

ინფორმაცია, რომ უფასო სასადილოები წყვეტენ ფუნქციონირებას, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველებისთვის არც კვების წესები იცვლება.

„ასევე მტკნარი სიცრუეა, თითქოს ჩვენ ვაპირებთ კვების ახალი წესების შემოღებას. ყველა სასადილო მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობს. ასევე, არც ერთი ტენდერი, რომელიც იყო გამოცხადებული ამ სასადილოების ირგვლივ, არ შეწყვეტილა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ამასთან, მან განმარტება გააკეთა საბაზრო კვლევასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მერია აპირებდა, შეეთავაზებინა სოციალურად დაუცველებისთვის, პანდემიის პირობებში მზა პროდუქტების სახლში წაღების შესაძლებლობით ესარგებლათ.

როგორც ელოშვილი ამბობს, კომპანიებთან გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ კვების ახალი წესის ამოქმედების შემთხვევაში, პროდუქციის შესყიდვა მერიას გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა. ილია ელოშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ, მერიამ უარი თქვა ახალი მოდელის დანერგვაზე და საკითხთან დაკავშირებით აღარც უფასო სასადილოების ბენეფიციარები გამოუკითხავთ.

„რაც შეეხება კვლევას, რომელიც ხელზე აქვს დახვეული ჩვენს ოპონენტებს, ეს არის საბაზრო კვლევა და ემსახურება იმას, რომ ჩვენ პერიოდულად დავტესტოთ ფასები ბაზარზე, ასევე, სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით ჩავატაროთ გარკვეული კვლევა. მოგეხსენებათ, პანდემიიდან გამომდინარე, ბაღებში დავიწყეთ მზა პროდუქციის დარიგება. ამიტომ, ვფიქრობდით, რამდენად შესაძლებელი იყო ანალოგიური მიდგომა და იქნებოდა თუ არა ის უკეთესი ვარიანტი არსებულ პრაქტიკასთან მიმართებით. როგორც კვლევებმა აჩვენა, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ეს იყო შიდა კვლევა, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია. ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით, ალტერნატიული უფასო სასადილოების კუთხით, არის არარენტაბელური. შესაბამისად, შევწყვიტეთ ამაზე მუშაობა. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა გავზარდოთ კერძების რაოდენობა, მენიუ. შესაბამისად, წელს მერიამ 20 მილიონის ნაცვლად, 25 მილიონი გამოყო“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორი: ამ ეტაპზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) უცხოეთში სამკურნალოდ წაიყვანეს