“ინფორმაცია, რომ საქმეში FBI არის ჩართული, ჭორია” – სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში პროკურატურის მხრიდან არაკვალიფიციური ან შეგნებულად არასწორი მიდგომა იკვეთება. ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ პროკურატურას არ დაუკითხავს ყველა პირი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს. მისივე თქმით, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო, „ჭორია“.
“რა არის პროკურატურის ქცევის საფუძველი ჩვენთვის უცნობია. ეს საქმე ისეთი ვერსიით წასაყვანი არ არის, რასაც ბრალდების მხარე გვთავაზობს. კობაურს ბრალი ედება სმიტების ოჯახის დახოცვაში, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ცალსახაა, რომ სულ სხვა მიმართულება აქვს აღნიშნულ საქმეს. რატომ არ არიან გამოკითხულნი სხვა მწყემსები, რომლებიც კობაურის საქმეში ფიგურირებენ? რატომ არ არის გამოკვლეული ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე? რატომ მიაცემინეს კობაურს იძულების წესით ასეთი ჩვენება? რატომ სხვა ვერსიაზე არ მუშაობს ბრალდების მხარე? ფაქტია, რომ პროკურატურა არ ცდილობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ყოველმხრივ და ობიექტურად აწარმოოს. თუ აღნიშნული ხარვეზები არ გამოსწორდა, აშკარა იქნება, რომ ბრალდების მხარე ამ საქმის შეთითხვნას და კობაურისთვის დაბრალებას ცდილობს. დაცვის მხარე ამას არ დაუშვებს.
ასევე, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FBI არის საქმეში ჩართული. ესეც რა თქმა უნდა, ჭორია და ამას არც ბრალდების მხარე არ ადასტურებს,”- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილს პირველ ტურში გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს
შემდეგი სტატიაიტალიაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოსა და ბულგარეთის მოქალაქეები დააკავეს