ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაყვანილ პირებს, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ჰქონდათ კავშირი, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, გუდაურის შემთხვევასთან კავშირში არ ყოფილან. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან დაადასტურა, რომ გუდაურიდან რამდენიმე პირს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა, ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

„ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ, რის გამოც ის ობიექტები, რომლებშიც ისინი იმყოფებოდნენ, დაიხურა, პერსონალი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ტურისტებს კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში აღმოაჩნდათ.

ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ ძიძიგური – ვენდობი ამ მთავრობას გახარიას მეთაურობით, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და წინ აღუდგა საკაცობრიო ჭირს
შემდეგი სტატიათვითიზოლაციის დარღვევის ორი ფაქტი მარტვილში