ინფექციურ საავადმყოფოში 17 პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 45 პაციენტი იმყოფება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე თქმით, უცვლელია ინფიცირებულთა რაოდენობა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ქვეყანაში არსებული 24 ინფიცირებულიდან 21-ია მოთავსებული.

„ბოლო შემთხვევა, 21-ე არ არის ახალი წყარო. იცით, რომ ჩვენ გვყავს სულ ოთხი წყარო. ეს შემთხვევა არის იტალიის წყარო. გუშინ, დღის საათებში 11 პაციენტზე გადაიგზავნა ანალიზები და უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული, დანარჩენ 17 პაციენტზე არის ტესტი აღებული“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული 11 პაციენტიდან ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი, ნაწილი კი თვითიზოლაციაში.

რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას თქმით, ხუთ პაციენტთან დადასტურებულია პნევმონია.

„ერთ-ერთი იყო მძიმე და ახლა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დასტაბილურდა და მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს პნევმონია. დანარჩენ ოთხს მსუბუქ ფორმებში აქვს. ის შვიდი პაციენტი, რომლებიც სპეციალური რეისით ჩამოვიდნენ და საკარანტინე ზონიდან გადმოიყვანეს გუშინ ჩვენს კლინიკაში, შედის იმ 17 პაციენტში, რომლებსაც გუშინ გვიან ავუღეთ ახალ კორონავირუსზე ანალიზები. შესაბამისად, პასუხი იქნება მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში. მათგან მხოლოდ ერთს აღენიშნებოდა გუშინ დაბალი ტემპერატურა. დანარჩენების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მინიმალური ჩივილები აქვს კორონავირუსით ინფიცირებულ 12 წლის ბავშვს.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიათბილისის მერია დროებით შეზღუდავს იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რომლის მიღებაც ხალხმრავლობასთან არის დაკავშირებული