ინფექციურ საავადმყოფოს შანხაიდან დაბრუნებულმა ახალგაზრდა ქალმა მიმართა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ბოქსირებულ განყოფილებაში ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც კლინიკაში დღეს საკუთარი სურვილით გამოცხადდა. ცერცვაძის თქმით, ახალგაზრდა ქალი საქართველოში სამი დღის წინ, შანხაიდან ჩამოვიდა.

როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ქალს ახალ კორონავირუსზე ანალიზს ხვალ აუღებენ და პასუხი ხვალვე იქნება.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველა მათგანი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

„ამ დროისთვის ცხრა პაციენტი ავადმყოფი, რომელიც წინა დღეებში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, გაწერილია. ყველა მათგანს გამოკვლევები ჩაუტარდა და გამოირიცხა მთლიანად ახალი კორონავირუსით ინფიცირება. დღეს არის ერთადერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ახლახანს შემოიყვანეს, სულ რაღაც ერთი საათის წინ, იყო შანხაიში. აქვს დაბალი ტემპერატურა – 37.1. 38 არ აქვს, მაგრამ არის ცნობები მსოფლიოში, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ დაბალი ტემპერატურით მიდის, ამიტომ ჩვენთან გაძლიერებული ყურადღებაა და ყველა პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურის მატება, ხველა და იყო ჩინეთში, მაინც ვიკვლევთ. ახალგაზრდა ქალი საქართველოს მოქალაქეა. ის მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში, უტარდება გამოკვლევები. მას ხვალ დილით აუღებენ ნაცხს კორონავირუსზე და ხვალვე, შუადღისას იქნება პასუხები. დიდი ალბათობით, კლინიკური დაკვირვებით, ამ ქალბატონს არ აქვს კორონავირუსი. მას დაბალი ტემპერატურის გარდა ჰქონდა ხველა. პნევმონია არ დაუდგინდა. ახალგაზრდა ქალბატონი სამი დღის წინ დაბრუნდა ქვეყანაში და ის კლინიკაში საკუთარი სურვილით გამოცხადდა“,- განაცხადა ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სისტემით დამარცხებულია
შემდეგი სტატიალომჯარია – მქონდა მოლოდინი, რომ ეუთო/ოდირი კონსტიტუციის რეგულაციებს ირიბად შეეხებოდა