ინგლისური ენის მასწავლებლებს ახალ ტრენინგებს სთავაზობენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 1-კრედიტიან ტრენინგს, რომლის მიზანს ენის სწავლების პროცესთან სასწავლო ტექნოლოგიების ინტეგრირება წარმოადგენს.

როგორც „თაიმერს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მასწავლებლები შეძლებენ ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენებას უცხოური ენის ოთხივე მიმართულების სწავლებისას. ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა და ვიდეოს გამოყენებაზე ენის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში; გაეცნობიან სტრატეგიებს, თუ როგორ განუვითარონ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით, რა გზებით არის შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება, როგორ მოვახერხოთ მოსმენისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევის განვითარება ონლაინ აუდიო-რესურსების დახმარებით. ასევე, რა კონკრეტული ონლაინ-რესურსი შეუძლიათ მათ შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან, ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად. სატრენინგო აქტივობები და დავალებები მთლიანად ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდიკასთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მოდის შესაბამისობაში. მასწავლებლები კურსის ფარგლებში ციფრულ რესურსს დამოუკიდებლად შექმნიან. ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის.
ტრენინგის გავლის მსურველებს შეუძლიათ მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური სოფელ ახალ სამგორში მოსახლეობას შეხვდა