ევროპის საბჭომ მტკიცე გზავნილი უნდა გაუგზავნოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი ქმედებები არღვევს ჩვენს სტანდარტებს. ამავე დროს, საბჭო უნდა იყოს თანაბრად თვალსაჩინო და ძლიერი მხარდაჭერაში დემოკრატიული ოპოზიციური ძალების მიმართ, – ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრმა, ინგიერდ სკოუმ განაცხადა.
მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციის პროექტი მოიცავს პრობლემური კანონმდებლობის რამდენიმე მაგალითს.
„ეს არის არა მხოლოდ უცხოური აგენტების კანონი, პრობლემური ცვლილებები განხორციელდა საარჩევნო კოდექსში, ასევე პრობლემური კანონპროექტი წარდგენილია ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ. მტკიცედ მოვუწოდებ საქართველოს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რჩევა. ქართველი კოლეგებისგან შევიტყვე, რომ ვითარება საქართველოში არ არის ის, რასაც მხოლოდ მმართველი პარტია ასახავს. მოსახლეობის 80 პროცენტს სურს, საქართველო დარჩეს ევროპის გზაზე, მათ სურთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის წევრობა.
საქართველოში არიან ძლიერი ძალები, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის და იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა შემოაბრუნონ, თუმცა როგორც ქართველი კოლეგებისგან მოვისმინეთ, დემონსტრანტების მიმართ არის დაშინება და სასტიკი ჩახშობა პოლიციის მხრიდან. ადამიანები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, ქართველები ასევე გრძნობენ საფრთხეებს რუსეთის მხრიდან, ისინი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, შიშობენ, რომ შესაძლოა, იგივე ბედი გაიზიარონ, რაც უკრაინამ.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ჩვეულებრივზე დიდ წინასაარჩევნო და საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციას გავგზავნით. ამ არჩევნებისთვის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით უცხოური აგენტების შესახებ ახალი კანონის გათვალისიწინებით, შესაძლოა, რთული ვითარება იყოს სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის ძირითადი აქტორებისთვის.
შესაბამისად, კამპანიის პერიოდში საერთაშორისო დამკვირვებლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ. ჩვენ ვიცით, რომ ოლიგარქები ევროპულ ქვეყნებში ინვესტირებული მნიშვნელოვანი სიმდიდრით, ფლობენ ძალაუფლებას საქართველოში. მჯერა, გარკვეულ მომენტში, ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი, როგორ შეგვიძლია მათი გავლენების შემცირება. სანქციები შესაძლოა იყოს ერთი ალტერნატივა. ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ საქართველო“, – განაცხადა ინგიერდ სკოუმ.