ინგა გრიგოლია: ნუ ტიპობენ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამი ტელევიზია გადადის ხელისუფლების ხელში

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას განცხადებით, „იმედის“ მიერ ტელეკომპანია „მაესტროსა“ და GDS-ის ყიდვით გამოჩნდა, რომ გადაცემა „რეაქციის“ დახურვა პოლიტიკური დაკვეთა იყო.

როგორც ინგა გრიგოლიამ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, დღევანდელ განცხადებაში, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა, ნათქვამია, რომ GDS-ის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასრულებული არ არის, თუმცა, ეს ტყუილია.

„ეს პროცესი არ დაწყებულა ახლა, ეს პროცესი დაიწყო ზუსტად იმ დღიდან, რა დღესაც მე გამომიცხადეს, რომ იხურებოდა ჩემი გადაცემა – „რეაქცია“. იმ დღიდან მოყოლებული ინა გუდავაძე არ გამოჩენილა არცერთ პროცესში, რომელიც უკავშირდებოდა მედიაში განვითარებულ მოვლენებსა და დახურულ გადაცემებს.

ამ განცხადებით რომელსაც ხელს ინა გუდავაძე აწერს, აღიარებს, რომ პირველ რიგში, მან დახურა „რეაქცია“ და რომ აქ სხვა ადამიანები არაფერ შუაში იყვნენ. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილებაც, რომ მას შეესრულებინა პოლიტიკური დაკვეთა. დღეს დამტკიცდა, რომ ინა გუდავაძე „რეაქციის“ დახურვის ხელისმომწერი იყო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ GDS -ის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ეს ტყუილია. უკვე გადაწყვეტილია, დღეს GDS-ში არის თათბირი, რომელზეც ჟურნალისტებს გააცნობენ ამ გადაწყვეტილებას. ნუ ტიპობენ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სამი ტელევიზია გადადის ერთ ხელში. ერთი ხელი არ არის სხვა არავინ, თუ არა ხელისუფლება“, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

banner
წინა სტატიაშიმედიაჰოლდინგი „იმედი“ „მაესტროსა“ და GDS -ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში ჩაძირული რუსული Ту-154-ის ძირითადი “შავი ყუთი” იპოვეს