ინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი მაესტროს სანტიაგო ლუსარდი ჟირელის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი “ქეთევანის მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალის“ დამფუძნებლისა და სამხატვრო დირექტორის დოქტ. სანტიაგო ლუსარდი ჟირელის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ელჩის ინფორმაციით, დოქტ. სანტიაგო ლუსარდი ჟირელი 42 წლის ასაკში ინდოეთის გოას შტატში კორონავირუსით გარდაიცვალა.

“ინდოეთში საქართველოს საელჩოს დიპლომატების სახელით, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას „ქეთევანის მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალის“ (KETEVAN World Sacred Music Festival https://www.ketevansacredmusicfestival.com/let-s-start) დამფუძნებლისა და სამხატვრო დირექტორის, გოას უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარე პროფესორის, ლექტორის, ამავე უნივერსიტეტის ორკესტრისა და ვოკალური გუნდის დირიჟორის, შემსრულებლის, კომპოზიტორის, მაესტროს დოქტ. სანტიაგო ლუსარდი ჟირელის 42 წლის ასაკში ინდოეთის გოას შტატში კორონავირუსით უდროო გარდაცვალების გამო.
თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ მეტად ნაყოფიერი მოღვაწეობის შედეგად, მაესტრომ დაუვიწყარი კვალი დატოვა, როგორც მუსიკალური ხელოვნების დარგში, ასევე მსოფლიოში ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების წინა პლანზე წამოწევის და მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის საქმეში, რითაც დაიმსახურა უდიდესი პატივისცემა, დაფასება და აღიარება.
საქართველო მადლიერია მაესტროს მხრიდან იმ უდიდესი სიყვარულისა და დაფასებისათვის, რომელიც მან გამოხატა ქართველი დედოფლის წმ. ქეთევან წამებულის ტრაგიკული ცხოვრების ხსოვნისადმი და საფუძველი ჩაუყარა „ქეთევანის მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალის“ დაარსებას გოაში 2015 წელს, მისი განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
ფესტივალმა, რომელშიც მაესტრომ მთელი თავისი გული, სიყვარული, ენერგია და მონდომება ჩააქსოვა, შემოიკრიბა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, სხვადასხვა კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელი და გააერთიანა ყველა ერთი მესიჯით – კულტურათა, ხელოვნებათა, ტრადიციათა და რელიგიათა მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება და ურთიერთპატივისცემა.
საოცარია, რომ ფესტივალის მსვლელობისას მაესტრო გვევლინებოდა, არა მხოლოდ როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, მონაწილე შემსრულებელი, გოას უნივერსიტეტის ვოკალური გუნდისა და ორკესტრის დირიჟორი, არამედ როგორც ავტორი თავისი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი კომპოზიციების, რომლებსაც საგანგებოდ წერდა და უძღვნიდა ფესტივალის ყოველ გამოშვებას.
2017 წლის დეკემბერში მაესტრო ეწვია ქართველი დედოფლის წმ. ქეთევან წამებულის სამშობლოს, საქართველოს, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა“.

ამ უმძიმეს წუთებში ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ მაესტროს დოქტ. სანტიაგო ლუსარდი ჟირელის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, კოლეგებსა და მის მეგობრებს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მაესტროს ხსოვნა, მისდამი დიდი მადლიერების გრძნობა და სიყვარული ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში”, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიასლან ბჟანიამ ბაშარ ასადი აფხაზეთში დაპატიჟა
შემდეგი სტატიაკომპანია IDS ბორჯომი – გამოვთქვამთ მზადყოფნას, გაფიცულ თანამშრომლებს დავუკმაყოფილოთ ​ხელფასების ზრდის მოთხოვნა