ინდოეთმა 300 მილიონი დოზა არასერთიფიცირებული ვაქცინა შეუკევთა

ინდოეთის მთავრობა პანდემიის მესამე ტალღისთვის ემზადება და 300 მილიონი დოზა საკუთარი წარმოების ვაქცინა შეუკვეთა, რომელიც, ჯერჯერობით, გამოცდას გადის.
ვაქცინა ინდურმა კომპანიამ Biological E შექმნა, მას, ჯერჯერობით, სახელი არა აქვს და გამოცდის მესამე ფაზას გადის, პირველ-ორ ფაზაში, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს, მან კარგი შედეგები აჩვენა.

კონტრაქტი, რომელიც 206 მილიონი დოლარისაა და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინდოეთმა საგანგებო გამოყენებისთვისაც კი არასერთიფიცირებული ვაქცინა შეუკვეთა. მისი წარმოება უახლოეს თვეებში დაიწყება. ინდოეთის მთავრობას სურს ვაქცინაციის კამპანია დააჩქაროს, რომელიც ჯერჯერობით, არასათანადოდ სწრაფად მიდის.

მიმდინარე მომენტში ინდოეთში სულ 220 მილიონ ადამიანს აქვს ვაქცინა გაკეთებული. პრეპარატი არასაკმარისია ყველა მსურველისთვის, ამიტომ პირველი დოზა ქვეყნის მოსახლეობის 10%-საც არა აქვს გაკეთებული.
პრემიერ-მინისტრ ნერენდრა მოდის ოპონენტები მას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ინდოელ ან უცხოელ პარტნიორებს ადრე არ შეუკვეთეს კოვიდ-19-ის ვაქცინები.

ოფიციალური მონაცემებით ინდოეთში კორონავირუსის პანდემიისგან 340 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტები თვლიან, რომ სტატისტიკა უფრო მაღალია – “ბიბისი” წერს.

მეორე ტალღა, რომელიც კატასტროფულად მიდიოდა, ნელ-ნელა წყნარდება, ამის მიუხედავად, დღიურად 100 ათას კორონაინფიცირებულს არეგისტრირებენ.

ახლა ინდოეთში სამ ვაქცინას იყენებენ ინდოეთის ინსტიტუტის წარმოების Covishield-ს, Bharat Biotech-ის Covaxin-ს და რუსულ “სპუტნიკს”.
ვაქცინა “კოვაქსინი” ინდოეთის რეგულატორმა საგანგებო მოხმარებისთვის იანვარში მიიღო, მისი ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მედიასაშუალებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციართა ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებისგან
შემდეგი სტატიაჩეხეთი ბოშებს იძულებითი სტერილიზაციის გამო კომპენსაციას გადაუხდის