ინდოეთის მთავრობა ცდილობს, დააჩქაროს 2023 წლის კანონის აღსრულება, რომელიც პარლამენტსა და შტატების ასამბლეებში ქალებისთვის ადგილების 33%-ის გამოყოფას ითვალისწინებს, თუმცა ამ ინიციატივას ხელისუფლება საარჩევნო ოლქების საზღვრების მასშტაბურ გადახედვას (დელიმიტაციას) უკავშირებს, რამაც პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა – წერს Al Jazeera.
“ჩვენ მზად ვართ, ქალების გასაძლიერებლად ისტორიული ნაბიჯები გადავდგათ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 16 აპრილს, პარლამენტის სპეციალური სხდომის წინ, სადაც მისმა მთავრობამ ქვედა პალატაში (ლოკ საბჰა) განსახილველად სამი კანონპროექტი წარადგინა.
სამი კანონპროექტიდან ორი პარლამენტსა და შტატების ასამბლეებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას ეხება, მესამე კი დელიმიტაციას – მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, საპარლამენტო საზღვრების გადახედვის პროცესს უკავშირდება. კანონპროექტის მიზანია პარლამენტის საერთო ზომის გაზრდა და “ლოკ საბჰაში” მანდატების რაოდენობის 543-დან 850-მდე აყვანა.
კანონპროექტებს სამდღიან სპეციალურ სესიაზე განიხილავენ და მათ მისაღებად ორივე პალატაში ხმების ორი მესამედია საჭირო. მოდის “ეროვნულ-დემოკრატიულ ალიანსს” (NDA) ქვედა პალატაში 293 მანდატი აქვს, ორ მესამედს კი 360 ხმა სჭირდება.
ამჟამად “ლოკ საბჰაში” ქალები დეპუტატების 14%-ს შეადგენენ.
აზიის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთის მეზობელ ნეპალსა და ბანგლადეშში, ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებში ქალებისთვის მსგავსი კვოტები მოქმედებს. ინდოეთში კი უკვე სავალდებულოა, რომ ადგილობრივ მმართველ ორგანოებში ადგილების მესამედი ქალებისთვის იყოს დათმობილი.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობის გაზრდას ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, ოპოზიციური პარტიები საარჩევნო საზღვრების შეცვლას ეწინააღმდეგებიან. ისინი აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ამან პოლიტიკური ბალანსი, შესაძლოა, მოდის პარტიის (BJP) სასარგებლოდ შეცვალოს.
BJP მხარდაჭერას ძირითადად მჭიდროდ დასახლებული ჩრდილოეთიდან იღებს. შესაბამისად, კრიტიკოსების აზრით, პარლამენტში ადგილების გაფართოება ყველაზე მეტად სწორედ მმართველ პარტიას მოუტანს სარგებელს. სამხრეთის შტატების ლიდერები, სადაც შობადობა მკვეთრად შემცირებულია, აცხადებენ, რომ მოსახლეობაზე დაფუძნებული დელიმიტაცია ჩრდილოეთში მანდატების რაოდენობას გაზრდის და სამხრეთ რეგიონებს დააზარალებს, რომლებმაც მოსახლეობის ზრდა შეანელეს და ძლიერი ეკონომიკა ააშენეს.
ინდოეთის კონსტიტუცია მოითხოვს, რომ საპარლამენტო მანდატები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდეს და ყოველი აღწერის შემდეგ გადაიხედოს. თუმცა, საზღვრები 1971 წლის აღწერის შემდეგ არ შეცვლილა, რადგან წინა მთავრობები პროცესს აჭიანურებდნენ.
ახლა მთავრობა გამოდის ინიციატივით, ახალი მანდატების დელიმიტაცია 2011 წლის ბოლო დასრულებულ აღწერას დაეფუძნოს და ძალაში 2029 წლის მომდევნო საყოველთაო არჩევნებისთვის შევიდეს. ოპოზიციური პარტიები კი ითხოვენ, რომ მთავრობა მიმდინარე თვეში დაწყებული ახალი აღწერის შედეგებს დაელოდოს – ეს უდიდესი ლოგისტიკური გამოწვევაა, რომლის ჩატარებას ერთი წელი, მონაცემების დამუშავებას კი კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მოდიმ განაცხადა, რომ კანონმდებლობა “არ არის დისკრიმინაციული” და “უსამართლოდ არავის მოექცევა”.













