ინაუგურაცია ელეგანტური, დეკორაცია კი გარემოსთან ორგანული იქნება – ჩვენს კულტურაში ყოველთვის იყო დაცული ზომიერება და ღვთაებრივი სისადავე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად კახური მრავალჟამიერი შესრულდება, – ამის შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს თელავში, ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

როგორც ფოცხიშვილმა აღნიშნა, ინაუგურაციის სტილისტიკა იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება.

„დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ გადავწყვიტოთ, რომელ მხარეს ჩატარდება ინაუგურაცია. რაც შეეხება დეკორაციას, ეს იქნება აბსოლუტურად თანხვედრი და გარემოსთან მიმართებაში ორგანული. თუმცა, არსებობს ოფიციალური ნაწილიც, რაც მოიცავს გერბს, დროშას, მაგრამ ეს იქნება მორგებული გარემოზე. სტილისტიკა იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება. არასდროს საქართველოს არც არქიტექტურული ძეგლები, არც ლანდშაფტი, პომპეზური არ არის. საქართველოს ხელოვნებაში და კულტურაში ყოველთვის იყო დაცული ზომიერება და ღვთაებრივ სისადავეს რასაც ეძახიან. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაფერი ეს მისადაგებული იყოს ქართულ კულტურასთან. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და ქართული კულტურა მოიცავს ევროპულ ელემენტებს. მუსიკალური მხარე ინაუგურაციაზე არის ჰიმნი და მინდა, რომ მრავალჟამიერი შესრულდეს. ამ საოცარი კავკასიონის ფონზე კახური მრავალჟამიერი რომ არ შესრულდეს, არ შეიძლება. პრაქტიკული სამუშაოები დღესვე დაიწყება – კონკრეტულად, ინაუგურაციის სცენარზე და ესკიზზე; ამის შემდეგ ის შეთანხმდება“, – განაცხადა ფოცხიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობენ
შემდეგი სტატია,, არჩეული პრეზიდენტისთვის დამახასიათებელია სისადავე, პირდაპირობა, აქ არ შეიძლება ზედმეტი პომპეზურობა”