ინაშვილი: უნდა შეწყდეს ცილისწამება, შეტევა და თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართა. „მე ვიცავ ეკლესიას“, „მე ვიცავ პატრიარქს“, – ამ ლოზუნგებით პარტიის ლიდერებმა საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდეს.

ორგანიზატორების თქმით, ბოლო პერიოდში ეკლესიის მისამართით ცილისმწამებლური ბრალდებები ისმის.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს ცილისწამება, შეტევა და თავდასხმა ეკლესიაზე, ასევე მოთხოვნებს შორისაა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გადადგომა.

„მთავარი, რის გამოც ვიკრიბებით, ვიბრძვით, ვშრომობთ, ვცოცხლობთ და მთავარი, რასაც ვიცავთ, არის მომავალი თაობის ხვალინდელი დღე. ყოველი ადამიანი, ყოველი მოქალაქე, რომელიც დღეს ჩვენს აქციას შემოუერთდა, იცავს მისი შვილების მომავალს, ჩვენი შვილების ქართულ მომავალს, ქართულ სახელმწიფოს და მომავალს, სადაც ჩვენი მომავალი თაობა სწორედ ნამდვილ მართლმადიდებლად იქნება ჩამოყალიბებული, სამშობლოს ნამდვილ შვილად, ნამდვილ პატრიოტად.

რატომ შევიკრიბეთ ჩვენ დღეს? შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში დედა ეკლესიის და ჩვენი სამღვდელოების მიმართ ძალიან დიდი დარტყმები იყო. ჩვენ ამ ყველაფერს თვალს ვადევნებდით. იგივე დარტყმები და მიზანმიმართული შეტევა საპატრიარქოს საბავშვო სახლებსა და გიმნაზიებზე. აღვირახსნილი ცილისწამება, ტყუილი, დეზინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა და რასაც ვაშუქებდით ჩვენს გადაცემებში. მინდა, ახლა წავიკითხოთ ჩვენი აქციის მონაწილეთა მიმართვა, კენჭი ვუყაროთ ამ მიმართვას და გავავრცელოთ.

ჩვენ, 2021 წლის 4 ივლისის აქციის მონაწილეები ვთანხმდებით:

უნდა შეწყდეს ცილისწამება, შეტევა და თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე. ამ თავდასხმის მონაწილენი არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოც, საელჩოც, სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციაც, თავად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც და სახელმწიფო დეპარტამენტიც. ამავე თავდასხმის უშუალო მონაწილეა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მათი ტელევიზიები, „იმედი“ და „რუსთავი 2“. ამავე თავდასხმის უშუალო მონაწილენი არიან სააკაშვილ-ბოკერიები, მათი ტელევიზიები, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები. კვლავ ვიმეორებ, შეწყდეს თავდასხმა, შეტევა და ცილისწამება ეკლესიაზე, პატრიარქზე, ეპისკოპოსებზე, სასულიერო პირებზე, საპატრიარქოს სასწავლებლებზე. ეს სასწავლებლები კი არ უნდა დაიხუროს, არამედ პირიქით, უნდა განვითარდნენ და გაძლიერდნენ.

შეწყდეს მიზანმიმართული ბრძოლა ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების წინააღმდეგ. აშშ-ის და ევროპის სხვადასხვა სტრუქტურა, ზოგიერთი დეპუტატი, კონგრესმენი დეპუტატი, სხვადასხვა თანამდებობის პირები და უწყებები მიზანმიმართულად უტევენ ქართველი ხალხის ეროვნულ ცნობიერებას, ქართულ ტრადიციებს, ადათწესებს, ქართულ აზროვნებას. საქართველოში შემოდის და ფსევდო ლიბერალურ ენჯეოებზე ნაწილდება ასეულობით მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი, გრანტები ერთადერთი მიზნით – ჩვენი ერის ისტორიული მიღწევების კრიტიკის და გაუფასურების, ეროვნული გმირების შეურაცხყოფის და ქართული ტრადიციების ფეხქვეშ გათელვის, ყოველგვარი ავტორიტეტის შეურაცხყოფის და წაშლის მიზნით. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს ეს მიზანმიმართული, ძალადობრივი და სამარცხვინო პროცესი.

გადადგეს აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის მიერ დანიშნული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის, მისი მოადგილის ცილისწამებლურ განცხადებებსა და ქმედებებზე, მათ მიერ ნინოწმინდის პანსიონატის მოსწავლეთა დაშინების, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებზე, და აქ არიან ნინოწმინდის პანსიონატის კურსდამთავრებულები. ასევე, ამ ბავშვების მოსყიდვის ფაქტებზე, რაც ჩვენი გადაცემის ეთერში გადაიცა, ეს კონკრეტული მტკიცებულებებია. სახალხო დამცველად არჩეულ იქნას ადამიანი, რომელიც აღჭურვილი იქნება ქართველი ხალხის ნდობით და არ იქნება ენჯეოების ინტერესების გამტარებელი.

შეწყდეს ლგბტ მასობრივი პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში. შეწყდეს ქართველი ხალხისთვის ლგბტ პრაიდების თავს მოხვევა. შეწყდეს ლგბტ პრაიდების ლიდერების ჩართულობა და მონაწილეობა სკოლებისა და პანსიონატების მოსწავლეთა ბედის განსაზღვრაში. ჩვენ ვაცხადებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას უშუალოდ „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უწყობს ხელს. ამ მიზნით გააყალბა მან არჩევნები და პარლამენტში შეიყვანა ნულოვანი პარტიები, რომლებიც დღეს აქტიურად ლობირებენ არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ ითხოვენ „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. ჩვენ ვითხოვთ, შეწყდეს ეს პროცესი. ქართველი ხალხის უმრავლესობის მოთხოვნაა ეს. და ბოლოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში ჩვენ ვდგავართ დედა ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის და მღვდელმთავარების გვერდით. სწორედ ეს არის დღეს თითოეული ჩვენგანის ქართული მოვალეობა“, – განაცხადა აქციაზე ირმა ინაშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიზღვაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: მართლმადიდებელ ეკლესიას უჯობს, ეკლესიაში არსებულ ჰომოსექსუალიზმს ებრძოლოს