ინაშვილი: “პატრიოტთა ალიანსისთვის” ეს არჩევნები უკვე მიმდინარეობს აშკარა დისკრიმინაციის ქვეშ!

“ყველას ესმის, რომ არჩევნები ყალბდება არა მარტო არჩევნების დღეს, არამედ არჩევნებამდე.
პატრიოტთა ალიანსისთვის ეს არჩევნები უკვე მიმდინარეობს აშკარა დისკრიმინაციის ქვეშ!

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ უკანონოდ წაგვართვა წევრი ყველა დონის საარჩვენო კომისიებში. ჩვენი პარტიის წინააღმდეგ „ქართულმა ოცნებამ“ სპეციალურად შეცვალა კანონმდებლობა. ეს არის ერთი პარტიის, ჩვენი პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება, რაც დაადასტურა ვენეციის კომისიამ, ეუთოს ოდირმა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის აპარატმა, რომელიც ნამდვილად არაა ჩვენი მეგობარი. ეს დაადასტურეს ოპოზიციურმა პარტიებმა, მაგრამ მათ ვითომ ხმა ამოიღეს და სინამდვილეში უმრავლესობამ ხმა მისცა ამ უკანონობას და წინგადადგმული ნაბიჯიც კი უწოდა საარჩევნო ვითომ რეფორმას.

დააკვირდით: „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიებში წევრი წაგვართვა იმ პარტიის სასარგებლოდ, რომელიც მხოლოდ ფიქტიურად მონაწილეობს არჩევნებში. ფიქტიურად მონაწილეობს იმიტომ, რომ მისი ანუ ჩვენი კომისიის წევრებს იყენებს „ქართული ოცნება“. ეს არის არა მარტო ტექნიკური, არამედ ფინანსური რესურსი, რაც ჩვენ და ჩვენი პარტიის წევრებს უკანონოდ წაგვართვეს.

ახლა ვსვამ მარტივ კითხვას: არის თუ არა ეს უკანონობა ჩვენი დისკრიმინაციის მკაფიო მაგალითი? არის თუ არა ეს საარჩევნო ადმინისტრაციებში ძალაუფლების მიტაცება? არის თუ არა ეს არჩევნების წინასწარ გაყალბება და სპეცოპერაცია ჩვენი პარტიის წინააღმდეგ? რა თქმა უნდა, არის! მაგრამ ამ უკანონობაზე თვალს ხუჭავს უკანონობის ჩამდენი ხელისუფლება და თვალს ხუჭავს მხოლოდ თავის თავზე და არა ქვეყანაზე მზრუნველი ვითომ ოპოზიცია.

ჩვენი პარტიისთვის საარჩვენო კომისიებში წევრის წართმევის გამო ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვინაიდან თემა არჩევნებს უკავშირდება, სასამართლომ ეს საკითხი 2 ოქტომბრამდე უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს, მაგრამ რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო? განიხილა და გავიდა სათათბირო ოთახში. ამ ოთახში ყოფნა მას შეუძლია წლობით. საკონსტიტუციო და სხვა სასამართლოები პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტია „ქართული ოცნების“ ხელში. ეს მარტო ჩვენ კი არა, უკვე ჩვენს პარტნიორებსაც კარგად ესმით.

ამის მიუხედავად, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია გამობრძანდეს სათათბირო ოთახიდან და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება.”- განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მანუჩარ ჩაჩანიძე წარადგინა.
შემდეგი სტატია„ლელო“: ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენული ფონია, ხელისუფლების უპასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის