ინაშვილი: პატრიოტთა ალიანსი არ შედის პარლამენტში-ბიზნესმენები არ არიან ჩვენი პარტიის წევრები

“ბიზნესმენები არ არიან ჩვენი პარტიის წევრები, შესაბამისად არ მაქვს არანაირი ბერკეტი მათზე ზემოქმედების, პოლიტიკოსები არ შევდივართ პარლამენტში, პატრიოტთა ალიანსი არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში”, – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა თქვა.

 

„პატრიოტთა ალიანსის“ არც ერთი ლიდერი, ჩემი ჩათვლით, არ იქნება წარმოდგენილი გაყალბების გზით ფორმირებულ პარლამენტში. ჩვენ დღეს დაგვიკავშირდა საპროცედურო კომიტეტი და დაჩქარებული ტემპებით მოითხოვა ჩვენგან დადასტურება, უარს ხომ არ ვამბობთ ჩვენს განცხადებაზე. არც კი მოგვეცა იმის საშუალება, რომ მონაწილეობა მიგვეღო კომიტეტის სხდომაში და დაგვეფიქსირებინა ჩვენი პოზიცია. საპროცედურო კომიტეტმა განიხილა მხოლოდ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეგობრებო, ეს არის ბოლშევიკური სტილი. ამ შემთხვევაში, ჩვენი სამაგალითოდ დასჯის ილუსტრირებაა, რაც მოხდა დღეს საპროცედურო კომიტეტში და რაც მოხდება ხვალ პარლამენტის სხდომაზე. მოგეხსენებათ, ორმოცდაათზე მეტ პარლამენტის წევრს განცხადება აქვს შეტანილი პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ ჩვენზე ადრე შეიტანეს განცხადებები და რატომღაც, ირღვევა პროცედურა და არ ხდება იმ დეპუტატების საკითხის განხილვა. ვფიქრობ, ყველა დეპუტატის საკითხი ერთად უნდა ყოფილიყო განხილული, ეს იქნებოდა კანონზომიერი. ის, რომ ცალკე გამოყოფა ხდება „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატის საკითხის, ეს არის უკანონობა და ეს აჩვენებს, რა სტილით მართავს „ქართული ოცნება“ სახელმწიფოს“, – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური პარტია, პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა დავადასტურეთ ის, რომ არ ვიქნებით პარლამენტის წევრები, შესაბამისად მკაფიოდ ვამბობ მატყუარა „ქართული ოცნების“ საყურადღებოდ, „პატრიოტთა ალიანსი“, როგორც პოლიტიკური პარტია არ იქნება წარმოდგენილი თქვენს პარლამენტში, არ ვიცი, რა გიხარიათ. საუბარია, ჩვენი სიის ბიზნეს შემადგენლობაზე, ანუ იმ წევრებზე, რომლებსაც განცხადება ჯერ არ აქვთ დაწერილი თუმცა მათი საკითხიც ჯერ გაურკვეველია, რადგან ვინ შევა და ვინ არ შევა, ეს პოზიციებიც კი არ არის ჯერ ცნობილი. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, ამ ბიზნესმენებს შორის არ არის არც ერთი პარტიის წევრი, ერთადერთი პარტიის წევრი არის ბატონი ფრიდონ ინჯია, რომელსაც ვესაუბრეთ და ვიცით მისი პოზიცია. ჩვენი პოზიციაც ცნობილია მისთვის, თუ ბატონი ფრიდონი გადაწყვეტს, რომ გახდეს პარლამენტის წევრი, მას მოუწევს პარტიის დატოვება. თუ ბატონი ფრიდონი არ შევა პარლამენტში, ის დარჩება პარტიაში. რაც შეეხება ბატონ დავით ზილფიმიანს მე არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბატონი ზილფიმიანი მაინდამაინც მივიდეს და ხვალ მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში, მით უმეტეს იურიდიულადაც ჯერ ეს შეუძლებელია. იქ გასავლელია მთელი რიგი პროცედურები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ბიზნესმენებმა, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილი ჩვენს სიაში გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. სამწუხაროა, მაგრამ მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი მათზე ზემოქმედების. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ამ ნაწილთან. ისინი იყვნენ ჩვენი პარტიის შემომწირველები, მხარდამჭერები მხოლოდ და არა პარტიის წევრები და შესაბამისად, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები, ოთხი ან სამი ბიზნესმენის, დამოუკიდებელი ბიზნესმენის, უპარტიო ბიზნესმენის შესლა პარლამენტში, ლეგიტიმაციას ვერ მისცემს თქვენს გაყალბებული გზით შემდგარ პარლამენტს“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პატრიოტთა ალიანსის“ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაჩქარებული წესით განიხილავს, განსხვავებით სხვა პარტიებისგან.

„დაუკვირდით, ასევე ძალიან უცნაურია, რომ ჩვენთვის უდლებამოსილების შეწყვეტის ასე დაჩქარებული ტემპებით განხილვის საკითხი მეხუთე რაუნდამდე გადაწყვიტა „ქარულმა ოცნებამ“. სხვა პარტიების დეპუტატებისთვის გამოიჩინა მოთმინება, მათ ელოდება, რომ მეხუთე რაუნდი შედგეს და შემდეგ მოხდეს საკითხის გაბხილვა. რატომღაც, გამოყო მარტო „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, შედგეს მეხუთე რაუნდი, ჩვენ ატიურად ვმონაწილეობთ ამ მოლაპარაკებაში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ იანვარში შედგება მეხუთე რაუნდი, მე ამ რაუნდში მონაწილეობას მივიღებ, როგორც უკვე არა დეპუტატი, არა გაყალბებული პარლამენტის თეორიულად წევრი, არამედ როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება, ახალი არჩევნები დანიშვნა. ვარწმუნებ „ქართულ ოცნებას“, რა სიხარულითაც არ უნდა იყვნენ ახლა გაჟღენთილები, ეს ყველაფერი არის ჰაერი და ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად დაინიშნება. მოხდება თუ არა შეთანხმება მეხუთე რაუნდზე, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. კარგია, რომ მოხდეს ეს შეთანხმება,თუ არ მოხდება, ჩვენ პარლამენტს მიღმა გავაგრძელებთ მოქმედებას და ბრძოლს იმისათვის, რომ მივაღწიოთ ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაპუტინმა დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგენლად მიხაილ პეტრიაკოვი დანიშნა