ინაშვილი: ისე ვიქნებით პარლამენტში, რომ ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც „ნაცმოძრაობამ“ თავი კომფორტულად ვერ იგრძნოს

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.

როგორც მან „კურიერის“ ეთერში განაცხადა, ის და მისი გუნდის წევრები პარლამენტში შევლენ და აქტიურად იმუშავებენ.

ინაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას კატეგორიულად გამორიცხავს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ინაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, რიგ საკითხებზე პოზიციების შეჯერება მოხდეს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ არის თემები, რომელზეც მართველი გუნდი მათ მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

“მე პირადად არ დავუჭერ მხარს „ქართული ოცნების“ ბევრ ინიციატივას. ჩვენი ფრაქცია საქართველოს პარლამენტში ითანამშრომლებს ისე, რომ კომფორტულად თავი ვერ იგრძნოს ვერც „ნაცებმა“ და ვერც „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში ექვსი დეპუტატი შედის, თუმცა ინაშვილი აცხადებს, რომ მათი რაოდენობა ათამდე უნდა გაიზარდოს.

ინაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და სამართლებრივ დავას ამ კუთხით განაგრძობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს პარტიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა ინაშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

banner
წინა სტატიაში(Video) ექსკლუზივი: რა მდგომარეობაა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია : “ახალციხეში “ენმ”-ს შტაბის თანამშრომელს თავს დაესხნენ, რომელშიც გუბერნატორიც მონაწილეობდა”