იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებშიც ჩართულია 12-ვე მუნიციპალიტეტის მერი და თვითმმართველობის სხვა ორგანოები, ასევე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ამ დროისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

„ჭარბი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა კოსტავას, გოგებაშვილის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები და იქ მდებარე როგორც კერძო, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, წყალმა დაფარა 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში #9, # 10 კორპუსების სარდაფები.

უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ გუმათის, ჯიმასტაროს, სორმონის, ასევე მეჩხერი-ზარათის გზებზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფლებში: თერნალში, ბანოჯაში, ქვილიშორში, ხომულში, ქვილიშორში. დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ძლიერმა წვიმამ დააზიანა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის სატუმბი სადგური, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ხვალ სასმელ წყალს ვერ მიიღებს“, – აღნიშნულია იმერეთის რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ბრიგადები, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის პირველადი აღრიცხვა.

„უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზები, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

რაც შეეხება ქუთაისს, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლისა და აღმაშენებლის ქუჩები. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, ა(ა)იპ „სპეც სერვისები“ და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ“, – ნათქვამია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმინსკში ლუკაშენკოს რეზიდენციის შტურმით აღება სცადეს
შემდეგი სტატიადუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა