იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოს მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე საქართველოს მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

„2020 წელი ძალიან რთული და მძიმე იყო მსოფლიოსთვის და მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვისაც. სამყარო აღმოჩნდა გამოწვევის წინაშე, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ამ ფონზე სხვა ყველაფერმა აზრი დაკარგა, თუმცა პანდემიამ კიდევ არაერთი პრობლემა შექმნა, რომელმაც თითოეულ ჩვენგანზე იქონია გავლენა. იმედია, ის, რაც ცუდი იყო, ამ წელთან ერთად დასრულდება და მომავალი წლიდან კვლავ აღმავლობის გზას დავადგებით, რომელიც ეტაპობრივად ისევ მოიტანს წინსვლასა და კეთილდღეობას, ისევ მოვემზადებით და მივიღებთ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც არასოდეს აკლდა ჩვენს რეგიონს, გაგრძელდება პროექტები, რომლებიც, მართალია, არ შეჩერებულა, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეფერხდა. დარწმუნებული ვარ, დავძლევთ ყველაფერს და გაორმაგებული ძალით გავაგრძელებთ წინსვლას ერთმანეთის მოფრთხილებითა და ერთმანეთზე ზრუნვით.

გილოცავთ ყველას 2021 წელს ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, რომელმაც 2020 წელს ახალი სიცოცხლე დაიწყო. აქ თავმოყრილია მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რითაც იმერეთი ყოველთვის გამორჩეული იყო: კულტურით, განათლებით, ტრადიციებითა და სიახლეებისადმი სწრაფვით. ვანის მუზეუმი რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და პანდემიის დასრულების შემდეგ იმერეთში ტურიზმიც ახალ სიცოცხლეს დაიწყებს.

გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, წარმატებებს, კეთილდღეობას. სიკეთე, სიხარული და ბედნიერება მოეტანოს თითოეულ ოჯახში ახალ წელს, რომელსაც მსოფლიო სხვა იმედით და სხვა მოლოდინებით ხვდება. გილოცავთ!“, – აღნიშნულია ზვიად შალამბერიძის ვიდეომიმართვაში, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიხობში 2 წლის ბავშვი აუზში ჩავარდა და დაიხრჩო
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე ცენტრის თანამშრომლებსა და მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას 2020 წლის განმავლობაში დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის