11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინდმეწარმეები თ. გ. (მის: სოფ. ცხრაწყარო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) და ი. ზ. (მის: სოფ. ჭალა, საჩხერის მუნიციპალიტეტი) სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდნენ ფრინველს.
ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები; ი. ზ.-ს არალეგალურ სასაკლაოზე დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი. ინდმეწარმეები დაჯარიმდნენ და, შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მყისიერად მიეწოდება”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

banner
წინა სტატიაშილავროვი: თუ ევროპას ომი სურს, მზად ვართ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ბაჩიაშვილი მიხვდა, რომ სიცოცხლე ჰქონდა გადასარჩენი