იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული უ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედება.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რა დროსაც დაფიქსირდა, რომ უ.ბ.-მ სხვადასხვა დროს მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – „მდმა“ და „ჰეროინი“.

პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, ასევე, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაპოლიციამ მაღაზია „აიპლუსის” გაქურდვის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი