იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა

იმერეთის 12– ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა. იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დატბორილია ქალაქების ცენტრალური ქუჩები, საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლები. ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი და დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები. ასევე, მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.

მეწყრული პროცესი განვითარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში. დააზიანდა საცხოვრებელი სახლი და გზა ჩაიხერგა, ასევე დაზიანებულია გაზის მილები.

”მეწყერსაშიში ზონებია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითსა და საირხეში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ II სვირში. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის გზაზე, სოფელ ხანის მიმართულებით ბოგირი წაიღო წყალმა და მოძრაობა შეფერხებულია, წყალთაშუას მიმართულებით ჩამოსულია მეწყერი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში წყალმა დატბორა ამბულატორია და საბავშვო ბაღი. ზესტაფონში ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შორაპანში დაზიანებულია გზა და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, სოფელ ბოსლევში გზაზე მეწყერია ჩამოსული. ამ ეტაპზე იმერეთის რეგიონში ელექტროენერგია რამდენიმე ათას აბონენტს არ მიეწოდება, განსაკუთრებული პრობლემებია ქუთაისში. ადგილზე მუშაობენ ჯგუფები, რათა მოსახლეობას დროულად აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება. ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია”,- აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯაში და გიორგი ვოლსკი ინდოელ არქეოლოგთან, ნიზამუდინ ტაჰერთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდნენ
შემდეგი სტატიამცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა