იმერეთის გუბერნატორი – ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს დაუდევრობა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში 70 ჰექტარზე გაშლილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც ზვიად შალამბერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, ხანძრის აქტიური კერები რჩება ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში, თუმცა ხანძარი მასშტაბური არ არის და დღის ბოლომდე ხანძრის ლიკვიდაცია ამ მუნიციპალიტეტებშიც მოხდება.

„ზუსტად ნახევარი საათის წინ წყალტუბოში, სოფელ ზარათში გამოცხადდა ხანძრის საბოლოო ლიკვიდაცია, რომელიც იყო დაახლოებით 70 ჰექტარზე გაშლილი და ყველაზე ცხელი წერტილი იყო იმ 8 მუნიციპალიტეტიდან, სადაც გვქონდა ხანძრის კერები. აქ იყო საშიშროება, რომ მოსახლეობასთან ძალიან ახლოს იყო ხანძარი და ემუქრებოდა 3 ოჯახს, რომელთა ევაკუაციაც დროულად მოვახერხეთ ადგილიდან. მეხანძრე-მაშველების ეფექტურმა მუშაობამ მოგვცა ის შედეგი, რომ არცერთი სახლი არ დაზიანებულა, თუმცა 70 ჰექტარი მაღალი ბალახი და ბუჩქნარი სრულად გადაიწვა.

აქტიური კერები გვაქვს 3 მუნიციპალიტეტში – ეს არის ხარაგაული, საჩხერე და ჭიათურა. გუშინ მძლავრი ხანძარი იყო ხონში, სოფელ დედილეთში, სადაც ამ დილით გამოცხადდა ლიკვიდაცია. ამ სამ მუნიციპალიტეტში ხანძარი ისეთი მასშტაბური არ არის, როგორც იყო სხვაგან, თუმცა სამუშაოები მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე ლიკვიდაცია ამ მუნიციპალიტეტებშიც მოხდება.

შესაძლოა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყოს დაუდევრობაც, ხშირ შემთხვევაში სახნავ-სავარგულებს მოსახლეობა ხელოვნურად ცეცხლს უკიდებს და ამის კონტროლი შეუძლებელია. ბოლო დღეებია იმერეთში ძლიერი ქარია და ამ ქარის გამო ახალ-ახალი კერები ჩნდება ყოველთვის“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიავარია კახეთის გზატკეცილზე – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა ოთხი პროცენტით გაიზრდება