იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შეთანხმება სრულფასოვნად იქნება შესრულებული

იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შეთანხმება სრულფასოვნად იქნება შესრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს, დავბრუნდეთ დარბაზში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც „შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება შესრულებული, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მონაწილეობას მიიღებს.

„მივესალმებით პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი არის შესრულებული. ახლა დარჩა მისი მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. როდესაც ეს შეთანხმება იქნება შესრულებული, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული საერთო კონსენსუსით, რაც მეტ პოლიტიკურ სტაბილურობასა და მეტ ნდობას შემატებს საარჩევნო პროცესს ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მრავალი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შეთანხმების ორივე მხარე იქნება სრულფასოვნად შესრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალურ მოძრაობას“.

banner
წინა სტატიაში136 ხმა 5-ის წინააღმდეგ-პარლამენტმა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო
შემდეგი სტატიაეკა ლატარია: “ამ უმსგავსობაზე სამართლებრივი რეაგირება მექნება”