„იმედს არ იძლევიან”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

„იმედს არ იძლევიან,“ – ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში რამდენიმე საათის წინ გადმოიყვანეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ მისი შვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მან ექიმების ნებართვგის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში შვილი მოინახულა, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

„მდგომარეობა ისეთივე რჩება, როგორც პირველი დღიდან დღემდე. ექიმები, რასაც შეძლებენ, რაც შეუძლიათ, ყველაფერს გააკეთებენ. იმედს არ იძლევიან. ღმერთი იქნება ჩვენსკენ. იმედს როგორც მოგვცემენ, მას ხომ ძალიან დიდი დაზიანებები აქვს,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დაჭრილი ახალგაზრდის მამა აღნიშნავს, რომ ექიმებს კიდევ ერთხელ მისი შვილის მდგომარეობის გაცნობის შემდეგ შეხვდება.

„დღეს, ამღამ, ხვალ გაირკვევა ყველაფერი, ჯერ მთლიანობაში ისტორიას უნდა გადახედონ, უნდა შეათვალიერონ, უნდა შეისწავლონ, კახეთში რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თელავში, მაჩალიკაშვილების ოჯახში სპეცრაზმი ორი დღის წინ შეიჭრა და თემირლან მაჩალიკაშვილს საწოლში ესროლეს. ოჯახის მტკიცებით, როდესაც სამართალდამცველები სახლში შევარდნენ, 19 წლის თერმირლანს ეძინა და ლოგინიდან წამოდგომაც კი ვერ მოასწრო, როდესაც ტყვია თავში მოხვდა.

სუს-მა სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა უკვე თბილისშია
შემდეგი სტატიაპირველმა არხმა ევროპის ბიურო დახურა