იმედია, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აღიქმება საფუძვლად, რომელზეც შეიძლება, პოლარიზაცია დაიძლიოს – ჰარცელი

ჯერ კიდევ არის პოლარიზაცია პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა იმედია, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აღიქმება საფუძვლად, რომელზეც შეიძლება, პოლარიზაცია დაიძლიოს, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ არსებულ პოლარიზაციაზე დიდი ხანია, საუბრობს.

„ამის შესახებ უკანასკნელი სამ წელიწად-ნახევარია ვსაუბრობ, მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი. ერთი მხრივ, მე ვხედავ ბევრ საერთო მიზნებს სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ევროკავშირთან დაახლოების სურვილს და ევროკავშირში საქართველოს გაწევრების განაცხადის მხარდაჭერას. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვხედავ ძლიერ საერთო ინტერესს. ასეთი საერთო ინტერესი აქვს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას, თუ არა ყველას, რასაც ზურგს უმაგრებს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ, რომ ეს საერთო მიზნები, რომლებიც მოითხოვს მუშაობას სხვადასხვა პოლიტიკურ მხარეებს შორის, გამოიღებს შედეგს. მე ჯერ კიდევ ვხედავ დიდ პოლარიზაციას და ეს ფაქტია აქ, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა იმედი მაქვს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინაში და ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთება აღიქმება, როგორც საფუძველი, რომელზეც შეიძლება, დაფუძნდეს საერთო ინტერესები და პოლარიზაცია დაძლეული იყოს. მაგრამ მე მხოლოდ იმედს გამოვთქვამ და პროგნოზს არ ვაკეთებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების მოტივაცია ტელევიზორი და მაცივარია, ჩვენი – სამშობლოს დაცვა – კიმი
შემდეგი სტატიაალუდა ღუდუშაური: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ძლიერ და ეფექტურ სამსახურის შექმნას უზრუნველყოფს