“იმედია, ახლა მაინც არ იქნება ბიუჯეტი ორიენტირებული ჩინოვნიკების კისრების და ღაბაბების დასქელებაზე”

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ელოდებიან. მერიამ დოკუმენტი დღის ბოლომდე უნდა გადააგზავნოს. უმრავლესობა აცხადებს, რომ ბიუჯეტი სოციალურ და ინფრსტრუქტურულ პროექტებზე იქნება ორიენტირებული.

არც მერიაში და არც თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში არ აკონკრეტებენ დედაქალაქის ბიუჯეტის პარამეტრებს.

ბიუჯეტის პროექტი დღის ბოლოს გახდება ცნობილი, მაშინ როდესაც დოკუმენტი საკრებულოში შევა.

“ბიუჯეტი შედის კანონით დადგენილ ვადებში. შესაბამისად, მოხდება მისი განხილვა და დისკუსიები. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ გვექნება განსაკუთრებით მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრიორიტეტი რაც საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი,” – განმარტავს თბილისის ვიცემერი ლაშა აბაშიძე.

ოპოზიცია მოითხოვს, გაიზარდოს საბავშვო ბაღების პედაგოგებისა და დედაქალაქის მომსახურე სფეროს პერსონალის თანამშრომელბის ხელფასები.

„2015 წლის ბიუჯეტის ხარჯვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართულმა ოცნებამ, დავით ნარმანიამ აბსოლუტურად არ იცის ქალაქის პრიორიტეტები, რაც მთავარია, თანხები იფლანგება უმიზნოდ,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.

დედაქალაქის ბიუჯეტის თემას ეხმაურება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი. ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ხარჯვა კიდევ უფრო არაგონივრულად წარიმართა.

“იმედია, რომ ახლა მაინც იქნება ქალაქზე და ამ ქალაქის მოსახლეობაზე გათვლილი ბიუჯეტი და არა ჩინოვნიკების კისრების და ღაბაბების დასქელებაზე ორიენტირებული. რადგან, შარშანდელი ბიუჯეტი მხოლოდ ამას ემსახურებოდა და ეს აითვისეს წარმატებულად,” – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ზუგდიდში ხანძარს და-ძმა ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა