“იმედი მაქვს, თქვენი მისიის დრო სწრაფად გაივლის და თითოეული თქვენგანი დაბრუნდება სამშობლოში”

თქვენი პროფესიონალიზმი იქნება სათანადოდ დაფასებული და იმედი მაქვს, რომ თქვენი მისიის დრო სწრაფად გაივლის და თითოეული თქვენგანი დაბრუნდება სამშობლოში, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია და პატივსაცემია ის, რომ დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე იმყოფება.

“ჩემთვის დიდი პრივილეგიაა აქ ვიყო ამ განსაკუთრებულ დღეს. თითოეული თქვენგანი უნდა ამაყობდეთ იმით, რასაც ქართველი ჯარისკაცი და ქართული შეიარაღებული ძალები აკეთებს მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ორიოდე დღის წინ ბრიუსელში განვითარებულმა მოვლენებმა, მხედველობაში გვაქვს ტერორისტული შეტევები IშIშ-ის მიერ წარმოებული, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული და არც ერთი ქვეყანა არ შეიძლება იყოს უსაფრთხოდ, ამ კონკრეტული შემთხვევებისგან. ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატები ერთგვარ ვალშიც კი არის ქართველ შეიარაღებულ ძალებთან, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. თქვენ ერთდროულად ხართ როგორც მებრძოლები, ასევე მშვიდობის ელჩები და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია და მოვალეობაა თითოეული თქვენგანისთვის”, – განაცხადა იან კელიმ.

მისივე განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჩამოუყალიბდათ ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა, რომელიც დამყარებულია საერთო პრინციპებზე.

“ეს მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო მტკიცდება. ჩვენ ვართ თანამებრძოლები, საბრძოლო ძმები და დები ერთმანეთისთვის. ამერიკელ ქვედანაყოფებთან ერთად ქართველი ქვედანაყოფები იბრძოდნენ ავღანეთის სხვადასხვა რეგიონში და ეს აძლევს ამერიკელებს იმის საშუალებას, რომ თქვან, რომ ყველაზე მამაცი, ყველაზე ერთგული თავისი საქმიანობისას შეიძლება იყოს ქართველი სამხედრო მოსამსახურე. თქვენი ღირსება მუდმივად იქნება თქვენს გულებში, კაცობრიობა, ოჯახები, მშვიდობისმოყვარული ადამიანები მუდმივად ვალში იქნებიან თქვენს წინაშე. თქვენი პროფესიონალიზმი იქნება სათანადოდ დაფასებული. იმედი მაქვს, რომ თქვენი მისიის დრო სწრაფად გაივლის და თითოეული თქვენგანი დაბრუნდება სამშობლოში, საქართველოში”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს უშიშროების საბჭოში ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევენ
შემდეგი სტატიაგალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია