“იმედი მაქვს, რომ საარჩევნო პროცესი გაგრძელდება ისევე მშვიდად, როგორც ამ წუთამდე მიმდინარეობს”

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მარკ კლეიტონის განცხადებით, საარჩევნო პროცესს თბილისში დაახლოებით ცხრა უბანზე აკვირდებოდა.

ელჩი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მადლობას უხდის და ამბობს, რომ ცესკო-ს წევრებმა დამკვირვებლების მუშაობას ხელი შეუწყვეს.

მისივე თქმით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია.

„დღეს ვიყავი თბილისში და მის შემოგარენში, დავაკვირდით დაახლოებით ცხრა საარჩევნო უბანს. ყველგან, სადაც ვიყავით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ ძალიან კარგად განწყობილი და ყველანაირად შეგვიწყვეს ხელი, ჩვენც და სხვა დამკვირვებლებსაც, რომ ემუშავათ. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ზოგიერთი უბანი საკმაოდ დატვირთული და დაკავებული იყო, ზოგან უფრო ნაკლები მოძრაობა იყო, მაგრამ ვიცი და მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა ელჩმა.

მარკ კლეიტონის განმარტებით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

„მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ამ პროცესის სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ასევე მშვიდად გაგრძელდება, როგორც მიმდინარეობს ამ წუთამდე. ვიმედოვნებ, რომ ყველა პარტია პატივს სცემს ოფიციალურ შედეგებს. არჩევნები არის ცოცხალი, დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. დიდი ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიული პროცესის ყველაზე დიდი მხარდამჭერია იმ გზაზე, რომელზეც საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართულებით დგას. დღეს ქართველ ხალხს აქვს შანსი, რომ აირჩიოს საკუთარი მთავრობა მომდევნო ოთხი წლით. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველას, თუ ჯერ არ ყოფილხართ ხმის მისაცემად, წადით და მიეცით ხმა“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: თუ ამომრჩევლის მოსყიდვას აქვს ადგილი, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ
შემდეგი სტატიათავდასხმა ჟურნალისტებზე გლდანის საარჩევნო უბანთან