“იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაადასტურებს, რომ გია გაჩეჩილაძემ თავისი წილი გაყიდა და ამაში ფულია გადახდილი”

იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი დაადასტურებს, რომ გია გაჩეჩილაძემ თავისი წილი გაყიდა და ამაში ფულია გადახდილი, – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც “მაესტროს” წილების გასხვისების საკითხს ეხებოდა.

როგორც ღლონტმა აღნიშნა, სასამართლო განხილვებზე მოწმის სახით სურთ დაიბარონ ბიძინა ივანიშვილი, გია ხუხაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი, რადგან თავის დროზე შედგა შეხვედრა, სადაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ შეიძენდა გია გაჩეჩილაძის წილს.

“დასახელდნენ ბიძინა ივანიშვილი, ვისგანაც წამოვიდა წინადადება, რომ შეიძენდა გია გაჩეჩილაძის წილს. ასევე გია ხუხაშვილი, რომელიც ესწრებოდა ამ საუბარს და ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ორი დღის წინ ჩემთან იყო შეხვედრაზე მოსული და მომართა წინადადებით, რომ გია გაჩეჩილაძეს გამოართმევდა სადავო წილს. ჩემს კითხვაზე, ისევ მე დამიბრუნებდა თუ არა ამ წილს, მან პასუხი ვერ გამცა, აქედან გამომდინარე ჩვენი საუბარი შეწყდა”, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.

როგორც “მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აღნიშნა, მან არ იცის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა გადაუხადა თანხა გაჩეჩილაძეებს თუ ვანო ჩხარტიშვილმა. მისივე თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინადადება იყო გია გაჩეჩილაძის მიერ წილების გასხვისება და მას შემდეგ გია გაჩეჩილაძემ გააფორმა ის ხელშეკრულება, რომლითაც მართვაში გადასცა მან საკუთარი წილები სხვა დამფუძნებლებს.

“იმედი მაქვს რომ ბიძინა ივანიშვილი არ დამალავს სიმართლეს. არ ვიცი, რა შეიცვალა მის წარმოდგენაში და ვინ რა ჭორი მიუტანა, თუმცა იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი დაადასტურებს, რომ გია გაჩეჩილაძემ თავისი წილი გაყიდა და ამაში ფულია გადახდილი”, – განაცხადა მამუკა ღლონტმა.
როგორც ცნობილია, მამუკა ღლონტს “მაესტროში” გია გაჩეჩილაძის წილების გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს. საქმე ეხება 2011 წელს გია გაჩეჩილაძის მიერ სხვა დამფუძნებლების სასარგებლოდ წილების მართვაში გადაცემას.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მზად არიან
შემდეგი სტატიაჰილარი კლინტონტან და ჯორჯ კლუნისთან სადილი 350 ათას დოლარად შეაფასეს