“იმედი მაქვს, „ოცნების“ გახურებულ ტვინებს დღის ბოლოს უბნის დარბევა არ მოაფიქრდებათ”

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნებზე, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიის ლიდერები იმყოფებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ხმის მიცემის პროცედურა ცივილურად მიმდინარეობს და ამომრჩევლებს საშუალება აქვთ, საკუთარი არჩევანი მშვიდ ვითარებაში დააფიქსირონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი ბობოხიძე კი იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნება” 8 ოქტომბრის არჩევნების მსგავსად, დღის ბოლოს საარჩევნო უბანს არ დაარბევს.

„იმედი მაქვს, რომ „ოცნების“ გახურებულ ტვინებს, წინა არჩევნების მსგავსად, დღის ბოლოს უბნის დარბევა არ მოაფიქრდებათ. ვფიქრობ, რომ წესით არ უნდა გააკეთონ, თუმცა ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ვერც პირველ ტურში ვხედავდი, უბნის დარბევის საჭიროებას, რადგან გადამწყვეტი მაინც მეორე ტური იქნებოდა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ჯიხაშკარის N79-108-ე და განმუხურის N38-ე უბანზე დღეს განმეორებითი არჩევნები ტარდება.

8 ოქტომბერს, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბანზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, საარჩევნო უბნის დარბევა მოხდა, რის გამოც, კენჭისყრის პროცესი ჩაიშალა, ხოლო განმუხურის 38-ე უბანზე გარკვეული დარღვევების გამო, სააოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.

banner
წინა სტატიაშიანალიზის შედეგების მიხედვით, საარჩევნო სიით არჩეული მომავალი პარლამენტის წევრები ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან
შემდეგი სტატია“შეიძლება ოთახი საარჩევნო პროცესისთვის უნივერსალურად შესადაგებული არაა, მაგრამ ზოგადად, საარჩევნო უბნები ასეთია”