“იმედი მაქვს, კვირიკაშვილის კაბინეტი სამშობლოს გამყიდველი პოლიტიკოსების წკმუტუნს არ მოუსმენს”

“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივნის სოსო შატბერაშვილის განცხადებით, “გაზპრომთან” მოლაპარაკებები საქართველოს მხოლოდ დადებით შედეგებს მოუტანს.

შატბერაშვილის თქმით, საქართველოს ისტორიული შანსი გაუჩნდა, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ იყოს ენერგოდამოკიდებული.

“საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი, რომ ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ახლა ჩვენ მხოლოდ აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული. მართალია, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მეგობარია, ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ერთი ქვეყნის კომპანიაზე, ამ შემთხვევაში, “სოკარზე” დამოკიდებულები არ უნდა ვიყოთ. გაჩნდა შანსი, რომ რუსეთიდან, ანუ “გაზპრომიდან”, რომლისგანაც ისედაც ვიღებთ 10%-ის რაოდენობის გაზს ტრანზიტისათვის, გვაქვს საშუალება, მივიღოთ დამატებითი მოცულობის გაზი. ეს გამოიწვევს კონკურენციას, გაზის ტარიფის დაწევას”, – განაცხადა შატბერაშვილმა “პირველ პრესკლუბში” საუბრისას.

მისი თქმით, წინა პრემიერმა, “ნაციონალური მოძრაობის” შიშით, ვერ გაბედა “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყება და ალექსეი მილერის თვითმფრინავი უკან გააბრუნა.

“ნაციონალურ მოძრაობას” ყველაზე მეტად არ აწყობს ახლა საქართველოში არა მარტო რუსული, არამედ, სხვა რომელიმე ალტერნატიული გაზის შემოსვლა. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალეკო ხეთაგური არის “სოკარის” წილში. ის “სოკარის” ოფისში მუშაობს და მისი სახით კომპანიის წილში ზის მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ არის ასეთი გამხეცებული და გაცოფებული “ნაციონალური მოძრაობა” და ეწინააღმდეგება “გაზპრომთან” საქართველოსთვის მომგებიანი ხელშეკრულების დადებას. შანსი ჩნდება, რომ შემოვიდეს ირანული გაზი, თურქმენული და ყაზახური გაზი. რაც მეტი ქვეყნიდან შემოვა გაზი, მით უფრო იქნება ენერგოუსაფრთხოება დაცული. “რუსთავი 2” აშკარა დეზინფორმაციას ეწევა ამ თემის ირგვლივ და სამწუხაროდ, ხელისუფლება გადასულია თავის მართლების პოზიციაში. “ნაციონალური მოძრაობა” და მათ შორის, შალვა ნათელაშვილიც, მკერდით არის გადაფარებული სააკაშვილის ქონებას. ყველანაირად ცდილობენ, ქონება არ დაეკარგოს ექს-პრეზიდენტს, რადგან “სოკარიდან” მიღებული ფული წლების განმავლობაში ხმარდებოდა არჩევნების გაყალბებას და შალვა ნათელაშვილიც და სხვა პარტიებიც ცდილობენ, ეს ფული არ დაიკარგოს. იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ახალი კაბინეტი გამოიჩენს სიმტკიცეს, სამშობლოს გამყიდველი პოლიტიკოსების წკმუტუნს და ყეფას არ მოუსმენს და ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ მოლაპარაკებებს”, – განაცხადა შატბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, ავსტრიაში დღეს გაიმართება. სამუშაო ჯგუფი ვენაში, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, უკვე გაემგზავრა. მოლაპარაკებების პროცესს “გაზპრომის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი არ დაესწრება. შეხვედრა ენერეგოკომპანიის წარმომადგენელ ელენა ბურმისტროვასთანაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” პრემიერს შეხვედრის შემთხვევაში, კონკრეტულ შეთავაზებებს წარუდგენს
შემდეგი სტატიასამთო კურორტების ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა