“იმედი მაქვს, 2017 წლის დასაწყისიდან დონორი ორგანიზაციების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა გვექნება, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს” – ზალკალიანი

საქართველოსა და ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმა გაწერილია 2016-2019 წლებზე, რომელიც ევროპის საბჭოში 2016 წლის მარტში დამტკიცდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროპის საბჭოში ვიზიტის შემდეგ საქართველოში უკვე იმყოფებოდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანის წარმომადგენელი, გენერალური მდივნის მოადგილე და მისი ფორმალური პრეზენტაცია სწორედ მაშინ მოხდა.

“მას შემდეგ ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ გეგმით გათვალისწინებულ კონკრეტული პროექტების რეალიზება. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი სტრასბურგში, სადაც მსგავსი ტიპის შეხვედრა შედგა ევროპის საბჭოს გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან. ეს პროექტები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ნდობის ზომების მექანიზმების გაძლიერება, მართლმსაჯულების სისტემა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შემუშავებული კონკრეტული პროექტები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებთან და არა მარტო წევრ ქვეყნებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროექტები მოითხოვს შესაბამის დაფინანსებას, ფინანსურ რესურსებს, ამიტომ ჩვენ გვექნება სწორედ ამ საკითხზე მსჯელობა. იმედი მაქვს, რომ 2017 წლის დასაწყისიდან ჩვენ გვექნება სერიოზული მხარდაჭერა დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სერიოზული პროექტები განხორციელდეს უახლოესი სამი წლის განმავლობაში”,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიგზებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს
შემდეგი სტატია“სახელმწიფო პასუხისმგებელია ქალთა მკვლელობების გარკვეულ რაოდენობაზე”-ბაია პატარაია