იმედი გვაქვს, რომ გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრებას ჩვენი თანამოქალაქეები გაგებით მოეკიდებიან

საქართველოში გვარის შეცვლის პროცედურა მკაცრდება, რაც შეთანხმებულია ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები და გამოწვევები, რომელთა დასაძლევადაც კომპლექსური გეგმა მომზადდა.

„დღეს გამოგვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩნდა გარკვეული პრობლემები, გამოწვევები. ჩვენ გვაქვს შემუშავებული კომპლექსური გეგმა, ამაზე იყო საჯაროდაც საუბარი, დიპლომატიურ წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. ვდგამთ კომპლექსურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოტანილი ცვლილებები, რომლიც გვარის შეცვლის პროცედურას გარკვეულწილად ართულებს. სამწუხაროდ, ეს გამოიყენება ჩვენი თანამოქალაქეების მიერ, რომლებიც რამდენჯერმე სხვადახვა გვარით ახდენენ ევროკავშირში შესვლას და სამწუხაროდ, ჩადიან დანაშაულს, ამიტომ ჩვენ ვართულებთ ამ პროცედურას. ეს შეთანხმებულია ევროკავშირთან, წევრ ქვეყნებთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამას გაგებით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ უვიზოს მიმოსვლის შეჩერების რისკი და ეს არ არის ერთადერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – მთავარია, რომ ორივე რეზოლუცია არის ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული
შემდეგი სტატიაქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობა მკაცრდება