იმედგაცრუებული კაცის რეაქცია-რატომ აგინა მსჯავრდებულმა სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს მსჯავრდებულმა აგინა. დეტალური ინფორმაციისთვის Front News International მსჯავრდებულის ადვოკატ გიორგი გვაჯაიას დაუკავშირდა.

– რამ გამოიწვია მსჯავრდებულის ასეთი რეაქცია და ამართლებთ თუ არა მის ქმედებას?

– რა თქმა უნდა, არ ვამართლებ ასეთ საქციელს, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს იყო მართალი, იმედგაცრუებული კაცის რეაქცია, რომელიც სამართალს ვერ პოულობს. არ ვამართლებ! უბრალოდ, მე მესმის მისი. კარგად ვიცი მისი პიროვნული მახასიათებლები და ასევე, კარგად ვიცნობ საქმის მასალებს. ეს ყველაფერი განაპირობა მოსამართლის უარმა ჩვენი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც დასაბუთებულად და კანონიერად ვითხოვდით გამამართლებელ განაჩენს.

– შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რას ეხებოდა თქვენი სააპელაციო საჩივარი?

– საქმე ეხება სამ, ცარიელ სამედიცინო შპრიცს, რომელიც თითქოს ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს პირადი ჩხრეკისას ჩემს კლიენტს. შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მათში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებების 0.000006 გრამი მეტამფეტამინისა და 0,000027 გრამი ამფეტამინის კვალი, რომელიც დიდ ოდენობად ითვლება, თუმცა არ წამოადგენს მოხმარებისთვის საკმარის ოდენობასაც კი. სამაგიეროდ, ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ცარიელ შპრიცში აღმოჩენა ფასდება, როგორც მისი შეძენა–შენახვა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–3 მუხლით ისჯება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ჩემს კლიენტს, ამ სამართლებრივი აბსურდის გამო, თანაც დაუდასტურებელად, მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი მოსამართლეს უნდა დაედგინა გამამართლებელი განაჩენი საქართველოს სსკ–ის მე–7 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, რომლის მიხედვითაც დანაშაულს არ წამოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს საერთოდ არ მიუთითებია, – რა ტიპის საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ამ ოდენობებით ნარკოტიკული საშუალების შენახვა.

– რას გეგმავთ სამომავლოდ?

– ჩვენ აუცილებლად მივმართავთ უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით, ვინაიდან აღნიშნული საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. საქმე ისაა, რომ მსგავსი კატეგორიისაა და შინაარსის საქმეები წინასასამართლო სხდომის ეტაპსაც ვერ უნდა ლახავდნენ. სახელმწიფო რესურსები უნდა იხარჯებოდეს მნიშვნელოვან საქმეებზე და არა ცარიელ შპრიცებზე. ვფიქრობ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსგავსი აბსურდის გამო ადამიანებს ეზღუდებათ ისეთი ბუნებითი, კონსტიტუციით დაცული უფლება, როგორიც არის თავისუფლება. სხვათა შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიცითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას 0,00009 გრამი ნარკოტიკული საშუალება – დეზომორფინის დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. არ მინდა ვიფიქრო, რომ საქართველოს პარლამენტი იგნორირებას უკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე უგულებელყოფილია. აქ, საუბარი არ არის რომელიმე ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაზე ან ლეგალიზაციაზე. საჭირო იყო დროული რეაგირება, კორექტივების შეტანა შესაბამის კანონმდებლობაში და სამართლის ზოგად პრინციპებთან, ასევე კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

– და ბოლოს, რას ფიქრობთ ზოგადად საქართველოს სასამართლოს სისტემაზე და თუ შეგიძლით გვითხრათ იმ კონკრეტული მოსამართლის ვინაობა, რომელმაც მსჯავრდებულის რისხვა დაიმსახურა?

– მოსამართლის ვინაობას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, პროფესიული ეტიკეტი არ მაძლევს ამის უფლებას. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, – რა თქმა უნდა, იდეალური ვერ იქნება. ზოგადად, სასამართლოს ავტორიტეტს ქმნის მოსამართლის გადაწყვეტილება. მოსამართლე კი უნდა იყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, უნდა ჰქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღების უნარი და გამბედაობა. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, განაპირობებს წესრიგს სამართალწარმოებისა და ზოგადად სამართლის სფეროში. ამის მიღწევა კი, დამეთანხმებით ალბათ, დროს და პოლიტიკურ ნებასაც მოითხოვს, აუცილებლად. დრო გვაქვს, ქმედითად გამოხატული პოლიტიკური ნება კი იმედია – იქნება!..

banner
წინა სტატიაშიპრემიერს გიორგი კვირიკაშვილის მასთან ბიძინა ივანიშვილზე ცუდი არასდროს უთქვამს
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: გიორგი გახარია არის იქ, რომელმაც ეს წერილი დაბეჭდა