მე არავისთან ბოდიში მოსახდელი არ მაქვს – როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით მის მიერ დასმული კითხვა განმარტა.
დეპუტატის თქმით, მან კითხვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასვა.
„მე არ მინდა, რომ ჩვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით რაიმე თუნდაც მცირედი ინტერპრეტაცია დარჩეს. რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დამოუკიდებლობასთან და სუვერენიტეტთან ერად არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაწილში არც ერთი წუთი და არც ერთი წამით კითხვას არ ვსვამთ. ჩვენი კითხვა ეხებოდა შემდეგს – იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა მოექცა საერთაშორისო იზოლაციაში, ეს საფრთხეს უქმნის თუ არა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას? მე რაზეც გესაუბრებით ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და როგორ შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე კითხვის დასმაზე ასეთი რეაქცია გქონდეთ? კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, ხალხო,“ – განაცხადა დაუშვილმა.