,,იმ მოსამართლეების ადგილზე რომ ვიყო, ვის მიმართ აგრესიაც იწვევს სასამართლოზე დარტყმებს, უპირობოდ გავიხდიდი მანტიას”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 21, 2019 20:17

,,იმ მოსამართლეების ადგილზე რომ ვიყო, ვის მიმართ აგრესიაც იწვევს სასამართლოზე დარტყმებს, უპირობოდ გავიხდიდი მანტიას”

იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთა, რათა კრიზისში შესულიყო პოლიტიკური სიტუაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

„ძალიან რთული სხდომა გამოვიდა დღეს. ერთი მხრივ, ეს პროცესი ჩემთვის მძიმე და რთული საყურებელია, მეორეს მხრივ პირდაპირ გეტყვით, მიხარია კიდეც რაღაც კუთხით, რომ ღიად ვლაპარაკობთ იმ თემებზე, რომლებზეც დიდხანს თითქოს ღიად ვერ ვსაუბრობდით. ამიტომ ალბათ თავისი მინუსებიც აქვს ამ პროცესს და თავისი პლუსებიც.

სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბარი ვფიქრობ, ზედმეტია, რადგან ყველა ვაცნობიერებთ, რამხელა პასუხისმგებლობაა მართლმსაჯულების პროცესების სწორად წარმართვა. ყველა ვაცნობიერებთ, რა დევს სასწორზე. დევს სამართლიანობა, ეკონომიკის განვითარება, ყველაფერი დევს პრინციპში სასწორზე, რადგან სასამართლო პირდაპირ არის გადაჯაჭვული ყველაფერთან და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ პროცესები წავიყვანოთ სწორად, სწორი მიმართულებით.

როგორ მოვედით აქამდე, დღევანდელ დღემდე, აი ამ რთულ დისკუსიამდე, რანაირად მოვედით აქამდე? პირდაპირ უნდა ვთქვათ ალბათ, აქამდე მოვედით დაგვიანებული რეფორმით, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებით, რომლებიც, ჩემი აზრით, დიდი ხნის წინ უნდა მიეღო ამ პარლამენტს, ან წინა პარლამენტს და ეს პროცესები დაგვიანდა. დაგვიანდა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ზომაზე მეტი ანგარიში გავუწიეთ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს, მოსამართლეებს, რომლებისთვისაც ამხელა ანგარიშის გაწევა არ იყო საჭირო, რადგან მოსამართლეები არ არიან კანონმდებლები, ისინი არ წერენ კანონებს. კანონებს წერენ პარლამენტის წევრები და ისევე, როგორც პარლამენტის წევრები არ ახორციელებენ მართლმსაჯულებას და არ იღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტულ საქმეებზე“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ დღემდე პროცესები იმ კანონების მიღების დაგვიანებამ და გაჭიანურებამ მიიყვანა, რომლებსაც უნდა განესაზღვრა, როგორ უნდა დაინიშნოს სამართლიანად მოსამართლე, როგორ უნდა დაეკისროს მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა სამართლიანად და როგორ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ გადაწყვეტილებები.

„პირდაპირ ვაპირებ თქმას, არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, როგორც ასეთი, განყენებულად მოცემული არის არასწორი რამ. ვფიქრობ, ფორმა, როგორ ვნიშნავთ, ვის ვნიშნავთ და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, არის არასწორი და იუსტიციის საბჭომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კრიზისში შესულიყო პოლიტიკური სიტუაცია. სამწუხაროდ, მე მაქვს ასეთი განცდა. ჩვენ მივეცით მოსამართლეებს საშუალება, რომ აქამდე მოეყვანათ სიტუაცია. ეს პროცესი, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ვფიქრობ, ყველა ვხვდებით.

მე ახლა არ ვესაუბრები ოპოზიციას. პირველ რიგში ვესაუბრები ჩემს კოლეგებს უმრავლესობიდან, რადგან ძალიან კარგად ვაცნობიერებ და ვხედავ, როგორ ღელავს ამ წუთას თითოეული ჩვენგანი, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ სულ ცოტა ხანში უნდა მივიღოთ. მით უმეტეს, გარდა იმ კანონების დაგვიანებისა, რომელზეც მე ვსაუბრობდი, ვითარება გაგვირთულა, დეკემბრის ბოლოს იუსტიციის საბჭოს მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ, იმ ფორმამ, როგორც ჩვენ წარმოგვიდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. გაგვირთულა იმ განცხადებებმა, რომლებსაც ვისმენთ მოსამართლეების მხრიდან, სრულიად გასულს ყოველგვარი საზღვრებიდან, სხვადსხვა პირების მიმართ, პარლამენტის წევრების მიმართ, ჩემი კოლეგების მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მათ შორის იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელშიც მე ბევრი წელი გავატარე და რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ეს ადამიანები“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, სახეზეა სიტუაცია, როდესაც იმ მოსამართლეები დიდი რაოდენობა, რომლებზეც ძირითადად მოდის საზოგადოების აგრესია, უკვე არის დანიშნული უვადოდ.

„ასევე, ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი მოსამართლე სწორედ მათი გადაწყვეტილებით, საბჭოს გადაწყვეტილებით ჯერ კიდევ ელოდება დანიშვნას და ისინი ჯერ კიდევ არიან გამოსაცდელ ვადაში. რას მივიღებთ ჩვენ, თუკი მხარს დავუჭერთ იმ კანონპროექტს, რომელიც არის წარმოდგენილი. ვერაფერს მოვუხერხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან უვადოდ განწესებულები და ეს არის ფაქტი. ჩვენ ამ კანონპროექტით მათ ვერაფერს ვუზამთ, ისინი იქნებიან და გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ სამაგიეროდ 2024 წლამდე აღარ გვეყოლება ახალი მოსამართლე. არის თუ არა ეს სწორი გზა? მე ვეცდები, გითხრათ როგორ მოვიქცეოდი იუსტიციის საბჭოს და ამ ადამიანების ადგილას რომ ვიყო. მე საჯაროდ ვთქვი ეს და კიდევ გავიმეორებ, მე რომ ვიყო იმ ადამიანების ადგილას და ვხედავდე რომ ჩემი პერსონა, ჩემს მიმართ საზოგადოებაში არსებული აგრესიის დონე და ხარისხი იწვევს მთლიანად სასამართლოზე ასეთ დარტყმებს, უთუოდ გადავდგებოდი მე თვითონ, თავად დავთმობდი მოსამართლის ადგილს და გავიხდიდი მოსამართლის მანტიას. უპირობოდ ასე მოვიქცეოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ სხვა კატეგორიის ადამიანებთან გვაქვს საქმე და როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ, რომ ისინი ასე მოიქცნენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა დეპუტატებს საკუთარი ინიციატივაც შესთავაზა, თუკი იუსტიციის საბჭო მოკლე ვადაში არ გააკეთებს განცხადებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნების შეჩერების თაობაზე, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან თავისი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 21, 2019 20:17