იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შენგენის ზონაში ყოფნის პირობები დაარღვიეს, მოგზაურთა საერთო რაოდენობასთან შედარებით, მცირეა

რისკების მართვის მექანიზმები წინასწარ იყო გათვლილი, ჩადებული და არანაირი საფრთხე არ ექმნება საქართველის უვიზო რეჟიმს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან უვიზო მომოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა და მათგან, სავარაუდოდ, 9875-მა უვიზოდ მიმოსვლის სარგებლობის წესები დაარღვია.

თალაკვაძემ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, წესები არ დაარღვიონ.

“სასიხარულოა, რომ უკვე ჩვენმა ათიათასობით მოქალაქემ ისარგებლა იმ სიკეთით, რასაც ჰქვია უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ახლა, როცა ევროპის მხრიდან ჩვენ გვაქვს ასეთი დონის მხარდაჭერა, ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი ჰქონდეს ევროკავშირთან, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანის პასუხიმგებლობა ბევრად უფრო მეტია. ყველა ადამიანი, ჩვენი ყველა თანამოქალაქე, ვინც საქართველოდან მიემგზავრება ევროპაში, დღეს არის კიდევ უფრო მეტად საკუთარი ქვეყნის ელჩი და წარმომადგენელი. მნიშვნელივანია, რომ პატივი ვცეთ ამ ნდობას და მხარდაჭერას და დავიცვათ ის წესები, რაც უვიზო რეჟიმით სარგებლობას ახლავს თან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ კამპანიას ამ მიმართულებით. წესები მარტივია.

რაც შეეხება იმ ადამიანების რიცხვს, რომლებმაც დაარღვიეს ეს პირობები, მოგზაურთა საერთო რაოდენობასთან შედარებით, არის მცირე. წესების დარღვების შემდეგ 5 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს უწესდებათ შეზღუდვები. ასე რომ, მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, საუკეთესო სახით წარმოადგინონ ქვეყანა ევროპაში.

როცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა განიხილებოდა, ყველა შესაძლო რისკი ევროკავშირთან საქართველოს ხელისუფლებას აქვს განხილული. ჩვენ გავატარეთ ძალიან დამაჯერებელი რეფორმები საზღვრის დაცვის, მიგრაციის მართვის სფეროში. გავაკეთეთ საკანონმდებლო ცვლილებები და კიდევ უფრო საიმედო გავხადეთ ჩვენი ბიომეტრიული დოკუმენტები, რომლებთაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ გამგზავრების დროს. რისკების მართვის მექანიზმები წინასწარ იყო გათვლილი, ჩადებული და არანაირი საფრთხე არ ექმნება საქრთველის უვიზო რეჟიმს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9875-მა მოქალაქემ დაარღვია.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, სტატისტიკურად სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა 6,1%-ს მოიცავს.

საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის უცნობია, 9875 მოქალაქიდან რამდენი დარჩა შენგენის ზონაში და რამდენი გადავიდა მესამე ქვეყანაში უვიზო რეჟიმის წესების დაცვით.

მონაცემები მოიცავს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან – 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიქმნა
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილს საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი მიუტანეს – ყოფილი პრემიერი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს?!