ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები ახალ საგანმანათლებლო რეფორმასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ:
“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საჯაროდ არაერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია ე.წ. „უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ მოსალოდნელ მძიმე შედეგებთან დაკავშირებით. თუმცა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რამდენიმე ასპექტზე დამატებით ყურადღების გამახვილება.
უნივერსიტეტი, ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების გარეშე, ფიქციაა, იდეისგან, იდენტობისგან გამოფიტული დაწესებულებაა, რომელიც არ/ვერ ემსახურება უნივერსიტეტის ძირეულ მიზნებს. უზარმაზარია დამოუკიდებელი, ავტონომიური უნივერსიტეტების წვლილი თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში, რადგან ეს არის თავისუფალი აზრის, მოსაზრებათა მრავალფეროვნების, დისკუსიის, კრიტიკული და ანალიტიკური სწავლებისა და კვლევის კერები. უნივერსიტეტი არ არის ადგილი მხოლოდ კონკრეტული ცოდნის შექმნის, გავრცელების/სწავლების თუ სწავლისთვის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ცოცხალი ორგანიზმი, სივრცე, სადაც შესაძლებელია თავისუფლების თავისუფალი გააზრება, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, ყველაზე რთულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების გაცვლა, კამათი. ამიტომ უნივერსიტეტებში ნასაზრდოები თავისუფლება ძალიან გადამდებია, ინერციით გავრცელებადია, შესაბამისად, გავლენიანია.
სწორედ ასეთ პლატფორმაზე შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი სამართლის სკოლა, მკაფიოდ გამორჩეული იდენტობით, რაც დემოკრატიული ღირებულებების უპირობო ერთგულებით განვითარებას გულისხმობს.
ჩვენი შეფასებით, დაგეგმილი რეფორმა ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების გაუმჯობესების მიზნებს, ამასთან, ანგრევს საუნივერსიტეტო სწავლების კონკრეტული დარგების, მათ შორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიღწეულ შედეგებს, სპობს ჯანსაღ კონკურენციას, გამოიწვევს სწავლების და კვლევის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუარესებას.
უმაღლესი განათლების ფუნდამენტურ საკითხთან დაკავშირებით ასეთი მასშტაბის ცვლილებების გაუმჭვირვალედ, შესაბამისი კვლევების, დარგის სპეციალისტების და, რაც მთავარია, თავად უნივერსიტეტის (მისი ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების) სათანადო ჩართულობის, აკადემიური საზოგადოების ნამდვილი მონაწილეობის გარეშე, მათი ნების იგნორირებით, კრიტიკულად მჭიდრო ვადებში გაუმართლებლად ფორსირებულად განხორციელება შეუძლებელია იყოს მინიმალურად პრეტენზიული კონსტიტუციასთან თავსებადობაზე.
დაგეგმილი ცვლილებები უპირისპირდება როგორც საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებს, ისე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ მინიმალურ სტანდარტებს, რაც უგულებელყოფს განათლების უფლების პროგრესული რეალიზაციის სახელმწიფოზე დაკისრებულ ვალდებულებას.
გარდა ამისა, ასეთი კომპლექსური და ძირეული ცვლილებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო პროცესის დაჩქარებული წესით წარმართვა დამატებით ეწინააღმდეგება კანონშემოქმედების დემოკრატიულ პრინციპებს, აბსოლუტურად გამორიცხავს წარმოდგენილი საკითხების შინაარსობრივ და სიღრმისეულ განხილვას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ნაწილია მისი სამართლის სკოლა, რომელიც 15 წლის მანძილზე მუდმივად პროგრესირებს მისი თითოეული პროფესორის, მკვლევარის, ადმინისტრაციის თუ აპარატის წარმომადგენლების უდიდესი ძალისხმევის, შრომის შედეგად, ამასთან, სტუდენტების აქტიური ჩართულობით და ქმედითი თანამონაწილეობით. მის წარმატებულ სკოლად ჩამოყალიბებას, პროგრამების განვითარებასთან ერთად, განსაზღვრავს არაერთი ფაქტორი:
ა) სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველადი სპეციალიზებული წარმატებული სამაგისტრო პროგრამების ამოქმედება მიმართულებების მიხედვით;
ბ) საბაკალავრო პროგრამაზე გრანტით ჩარიცხულ სტუდენტთა მაღალი მაჩვენებელი; ასევე, მაღალია ჩარიცხულ სტუდენტთა მაქსიმალური სკალირებული და საშუალო ქულათა რაოდენობა;
გ) თანამედროვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ინტერდისციპლინური ინოვაციური საგნების, მათ შორის, ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების დანერგვა;
დ) თეორიული ცოდნის პარალელურად პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული, სათანადო გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლების (მათ შორის, მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების) მოზიდვა; ასევე პროგრამაში ჩართულ პროფესორ-მასწავლებელთა მაღალი სამეცნიერო და კვლევითი მაჩვენებელი;
ე) იურიდიული კლინიკების შექმნა კერძო (ბიზნეს) სამართლის, საჯარო სამართლის და სისხლის სამართლის მიმართულებით; სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების კლინიკას სტუდენტების ჩართულობით ათეულობით წარმატებული საქმე აქვს ნაწარმოები და, ამ მხრივ, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგის მქონეა;
ვ) სკოლის კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების ფუნქციონირება;
ზ) სადოქტორო პროგრამის ამოქმედება;
თ) ადგილობრივ და საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა თუ კონკურსებში მიღწეული მაღალი/საუკეთესო შედეგები (სამართლის სკოლის სტუდენტურმა გუნდებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ფილიპ ჯესაპის სახელობის, ტელდერსის, ვილემ ვისის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესებში და სხვ.);
ი) წარმატებული საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, მათ შორის, უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებისა და საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეების მონაწილეობით;
კ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებში თუ სტუდენტურ კონფერენციებში სტუდენტთა ჩართულობის მაღალი მაჩვენებელი;
ლ) სასერტიფიკატო გამოცდების მაღალი შედეგები;
მ) მჭიდრო, მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება/განვითარება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან;
ნ) სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა პროფესიული ნიშნით დასაქმების მაღალი მაჩვენებელი;
ო) რეფერირებული საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის არსებობა და სხვ.
სამართლის სკოლა მუდმივად მუშაობს საიმისოდ, რომ იყოს საინტერესო, მნიშვნელოვანი და ღირსეული კონტრიბუტორი ზოგადად სამართლის განვითარების პროცესში. იმავდროულად, გვჯერა, რომ განვითარება და ხარისხის ზრდა ნებისმიერ სფეროში, მათ შორის, ჩვენს პროფესიაში შესაძლებელია მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, რასაც ობიექტურად გამორიცხავს იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობა და მაშასადამე, იურიდიული განათლების ცენტრალიზებული სახელმწიფო კონტროლი.
ზოგადად, პროგრამების (მათ შორის, სამართლის სკოლის) გაუქმება ფუნდამენტურად შეცვლის უნივერსიტეტის პროფილს, მიზნებს, განვითარების სტრატეგიას, შესაძლებლობებს, გადააქცევს მას თვისობრივად განსხვავებულ დაწესებულებად, სრულად უგულებელყოფს მის ყველა მიღწევას, გააფერმკრთალებს ან სულაც წაშლის მის საერთაშორისო ხილვადობას, ძირს გამოუთხრის მის კონკურენტუნარიანობას, კანონზომიერად გამოიწვევს აკადემიური პერსონალის თაობაზე მექანიკური და არა დამსახურებაზე დაფუძნებული, გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღებას (უნივერსიტეტის ნებისგან დამოუკიდებლად). ასეთი შინაარსის და ინტენსივობის ჩარევა არ ტოვებს სივრცეს ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიღებისთვის, გულისხმობს უნივერსიტეტის ნების სრულად იგნორირებას და მის აბსოლუტურად ჩანაცვლებას სახელმწიფოს ნებით, რაც არარად აქცევს უნივერსიტეტის ავტონომიას.
ავტონომიის კონსტიტუციური გარანტია ბოჭავს ხელისუფლებას შემხვედრი ვალდებულებით, არ განახორციელოს უნივერსიტეტის საქმიანობაში თვითნებური, მის ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებაში ისეთი ინტერვენცია, რაც გამოფიტავს მის იდენტობას და დაუკარგავს თვითმყოფადობას. ზოგადად, გაუმართლებელი და გაუგებარია საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმება, რომელთა უმაღლესი განათლების ხარისხის სტანდარტებთან და განათლების პოლიტიკის ჩარჩოსთან სრული თავსებადობა ხელისუფლებას თავად აქვს დადასტურებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცედურებით.
უნივერსიტეტის ავტონომიის და აკადემიური თავისუფლების კონსტიტუციის დონეზე საგანგებოდ დეკლარირების უმთავრესი დატვირთვა არის სწორედ, ამ თვალსაზრისით, წარსულის ნეგატიური, ავტორიტარული გამოცდილების გამეორების პრევენცია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნის გამორიცხვა” | ნათქვამია განცხადებაში
🔻 ოცნებამ განათლების რეფორმა 10 დეკემბერს დაამტკიცა. კანონპროექტი ძირითადად საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეეხება, ანუ ათიათასობით ბავშვსა და მათ მშობლებს. ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი რეფორმის მიხედვით:
• სასწავლო პროცესში აიკრძალება მობილური ტელეფონების გამოყენება
• პირველიდან მეექვსე კლასამდე ყველა საჯარო სკოლაში სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება
• 2026 წლიდან სკოლაში შესვლა მხოლოდ 6 წლის ბავშვებს შეეძლებათ
• პირველკლასელთა რეგისტრაციის დროს შემოიღებენ წესს – საცხოვრებელთან ახლოს რეგისტრაცია
• მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება – კლასები შეიქმნება მოთხოვნის შემთხვევაში
• მე-11 კლასის „პროფილურად“ გადაკეთება – მოსწავლე ისწავლის იმ საგნებს, რომლებსაც გამოცდაზე ჩააბარებს
• სახელმძღვანელოებს სამინისტრო დაწერს – სტანდარტი იქნება: „ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში
🔻 ცვლილებებია დაგეგმილი უმაღლესი განათლების კუთხითაც, მათ შორისაა: გეოგრაფიული დეკონცენტრაცია, რაც, თბილისის გარდა, საუნივერსიტეტო ქალაქებად ქუთაისსა და რუსთავსაც განიხილავს. ასევე, იგეგმება პრინციპი “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი”, რაც გულისხმობს, რომ კონკრეტულ ქალაქში ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი კონკრეტული ფაკულტეტი იქნება შექმნილი. ასევე, იგეგმება, რომ ბაკალავრიატში სწავლა 3-წლიანი, მაგისტრატურაში კი 1-წლიანი გახდეს. ცვლილებები იგეგმება საგრანტო დაფინანსებასთან დაკავშირებითაც, თუმცა, ამ დროისთვის, ამ საკითხზე დეტალები ჯერ უცნობია”, – ნათქვამია განცხადებაში.
















