ილია მეორის პირადი ექიმი არ ადასტურებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი ექიმი ცისანა შარტავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ცისანა შარტავა ამბობს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციაში იმყოფება და მას ლაბორატორიული კვლევა არ ჩაუტარებია.

„ქალბატონ შორენას მეუფე ანტონთან ჰქონდა შეხება 3 რიცხვში. 4-ში დაუდასტურდა მეუფეს, რომელიც ახლა კლინიკაშია მოთავსებული. ეს რომ გავიგეთ, შორენა გადავიდა თვითიზოლაციაში თავისივე სურვილით და ექიმების რჩევით. ამჟამად იმყოფება თვითიზოლაციაში. ტესტირება ცოტა არ უყვარს, მაგრამ დავაძალებთ და ტესტირებაც გაკეთდება. ამის შემდეგ გვეცოდინება. ჯერჯერობით მას კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული, ვინაიდან თვითიზოლაციაში გადავიდა, ალბათ არასწორად გავრცელდა“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

პატრიარქის პირადი ექიმის თქმით, შორენა თეთრუაშვილთან ერთად, იზოლაციაში იმყოფება მისივე თანამშრომელი, რომლის პასუხი „კოვიდ-19“-ზე ჯერჯერობით უარყოფითია. ცისანა შარტავას განმარტებით, ინფიცირებულ მღვდელთმთავარს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: კაპიტოლიუმის მოვლენების ნამდვილი და მთავარი გმირი (ტრამპის) ვიცე-პრეზიდენტი და სენატის თავმჯდომარე მაიკ პენსია
შემდეგი სტატია“სააკაშვილს მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა”