ილია მეორის მიერ სასტიკად დასჯილი მეუფეები

მას შემდეგ, რაც 1917 წლის 12 (25) მარტს აღდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია, რვა კათოლიკოს-პატრიარქის (კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე მესამე, კალისტრატე, მელქისედეკ მესამე, ეფრემ მეორე, დავით მეხუთე) მამამთავრობათა ეპოქებში საქართველოს ეკლესიაში არცერთი მღვდელმთავარი განკანონებულა (დასჯილა).

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მამამთავრობის ეპოქაში კი რვა მღვდელმთავრის წინააღმდეგ იქნა გამოტანილი სხვადასხვა საეკლესიო მსჯავრი. მიტროპოლიტი გაიოზი იყო საქართველოს ეკლესიის პირველი მღვდელმთავარი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ განიკვეთა მღვდელმთავრის ხარისხიდან.

ურბნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი)

ურბნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი) – 1978 წლის 25 მაისს საეკლესიო ქონების მითვისების ბრალდებით დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ. 1978 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ გაიოზს ჩამოართვა ეპარქიის მმართველობა და გამოიყვანა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან. 1979 წლის 27 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიტროპოლიტ გაიოზს მიუსაჯა თხუთმეტი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, უძრავ-მოძრავი ქონების სრული კონფისკაციით. 1980 წლის 12 იანვარს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, საბჭოთა ათეისტური ღმერთმოძულე ხელისუფლების სასამართლოს მრავალი შეუსაბამობით აღსავსე განაჩენის საფუძველზე, მიტროპოლიტი გაიოზი განკვეთა მღვდელმთავრობიდან და ბერობიდან, დატოვა ერისკაცად და სინანულის შემთხვევაში მისცა წმიდა ზიარების მიღების უფლება.

 

 

 

 

 

ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე)

ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე) – 1978 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ეპისკოპოსი ილარიონი ფსიქიკურად პრობლემური მდგომარეობის გამო ეპისკოპოსის ხარისხის შენარჩუნებით გაათავისუფლა ეპარქიის მმართველობიდან და გამოიყვანა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე)

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე) – 1983 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიტროპოლიტი ნიკოლოზი განკვეთა მღვდელმთავრის ხარისხიდან მძიმე მორალურ-ზნეობრივი ბრალდებით და დაიყვანა ბერობამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი)

ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიაშვილი) – 1982 წელს იგი დააკავა საბჭოთა ხელისუფლებამ და იმავე წლის 15 დეკემბერს ცხაკაიას (ამჟ. სენაკი) სახალხო სასამართლომ მას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით. 1983 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მთავარეპისკოპოსი იოანე განკვეთა მღვდელმთავრის ხარისხიდან მძიმე მორალურ-ზნეობრივი ბრალდებით და დაიყვანა ბერობამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი)

ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი) – 1984 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიტროპოლიტ შიოს წაუყენა ანტიეკლესიური ქმედების ბრალდება (მანამდე მიტროპოლიტმა შიომ წერილები გაუგზავნა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომელსაც სხვადასხვა მწვავე და მძიმე ბრალდება წაუყენა), ჩამოართვა ეპარქიის მმართველობა, გამოიყვანა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან და გაუშვა პენსიაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე)

ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე) – 1992 წლის 12 მაისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მთავარეპისკოპოსი ამბროსი გაათავისუფლა ეპარქიის მმართველობიდან, გამოიყვანა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან და აუკრძალა მღვდელმოქმედება. 1998 წლის 8 ოქტომბერს წმიდა სინოდმა ეპარქიის თვითნებური მიტოვებისა და რუსეთში მოქმედი ერთ-ერთ სქიზმატურ დაჯგუფებაში გაწევრიანების გამო, მთავარეპისკოპოსი ამბროსი განკვეთა მღვდელმთავრის ხარისხიდან და ბერობიდან და დატოვა ერისკაცად.

 

 

 

 

 

 

 

ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე)

ბოლნისისა და დმანისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) – 1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა “წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის კანონების სისტემური დარღვევის გამო, წმიდა სინოდის მიერ გამოცხადებული უკანასკნელი გაფრთხილების უგულებელყოფისათვის, ეპარქიის უნებართვოდ მიტოვებისა და საქართველოდან უცხოეთში თვითნებურად გამგზავრებისათვის” ეპისკოპოს ქრისტეფორეს ჩამოართვა ეპარქიის მმართველობა, აუკრძალა მღვდელმოქმედება და გამოიყვანა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან.

 

 

 

 

 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) – 2019 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, მიტროპოლიტ პეტრეს, მის (მიტრ. პეტრეს) მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი წაყენებული მძიმე ბრალდების გამო ჩამოართვა ეპარქიის მმართველობა, გამოიყვანა წმიდა სინოდის შემადგენლობიდან და აუკრძალა მღვდელმოქმედება. წმიდა სინოდის რამდენიმე წევრისა და თავად მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო არა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, რომელსაც, შესაბამისი აუცილებლობის შემთხვევაში, ერთადერთს გააჩნია ხსენებული მსჯავრის გამოტანის კანონიკური უფლებამოსილება, არამედ ყოველივე ეს გადაწყვიტა უშუალოდ, ერთპიროვნულად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. საეკლესიო სამართლის თანახმად, მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წაყენებული ბრალდება კათოლიკოს-პატრიარქისადმი რჩება ღია, სანამ მასზე (ბრალდებაზე) არ იმსჯელებს საქართველოს ეკლესიის ადგილობრივი კრება (წმიდა სინოდი ან გაფართოებული კრება) და გამოიტანს სათანადო კანონიკურ განჩინებას.

 

წყარო: მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

 

banner
წინა სტატიაშიგვარამია: შემომითვალეს, უსწრაფესად დაგიჭერთო
შემდეგი სტატიაინდოეთის ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა