8.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 11, 2026
banner

ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის შესახებ საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს.

“ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები. კვირას, დილის 8:00 საათიდან, ჩვენგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ტაძარში დაშვება მოხდება მხოლოდ საგანგებო საშვებით და გთხოვთ, ამ ფაქტს მოეკიდოთ გაგებით.
წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
12:15 საათზე ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.
მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი, ასევე მოსახლეობას საშუალება ექნება, ამ გზაზე დამონტაჟებულ მრავალ ეკრანზე თვალი ადევნოს სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგოს პატივი უწმინდესს.

ბოდიშს გიხდით და გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ არსებულ ვითარებას. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს უნდა დაემშვიდობოს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, თუმცა დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული პროტოკოლიდან და სხვა ტექნიკური დეტალებიდან გამომდინარე, ტაძარში მოსახლეობის დაშვება შეუძლებელია”,_ აცხადებს საპატრიარქო.

banner
წინა სტატიაშირუსეთიდან ძალიან დიდი დელეგაცია იქნება- სასულიერო პირი ბელარუსიდან
შემდეგი სტატიაკობახიძე: ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება