ილია მეორემ წირვის დროს ბავშვები დალოცა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 7, 2017 11:15

ილია მეორემ წირვის დროს ბავშვები დალოცა

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონში წირვის დროს ბავშვები დალოცა. პატარები უწმინდესის გარშემო რამდენიმე წუთის განმავლობაში ისხდნენ. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 7 აპრილს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა. წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. “გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა… და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ”.

ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ – თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 7, 2017 11:15