ილია მეორე: ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლოში, არის სმენისა და სიყვარულის დეფიციტი

რომის პაპის საქართველოში ვიზიტით გრძელდება ის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, რომელსაც პირველ საუკუნეში ჩაეყარა სათავე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ორი ეკლესია უძველესი სამოციქულო ეკლესიებია. რომის ეკლესია დაარსებული პეტრე მოციქულის მიერ, ხოლო საქართველოს ეკლესია დაარსებული ანდრია პირველწოდებულის მიერ, ესენი ძმანია და ეს ურთიერთობა ჩვენ მომდინარეობს ამ ბრძნული სიყვარულით. მინდა ვთქვა, რომ ეს 20 საუკუნე ჩვენ ძმური სიყვარულით ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა. საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც ჩამოიტანეს კვართი უფლისა ჩვენი იესო ქრისტესი. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ამიტომ ჩვენი არსებობა, ჩვენი კეთილდღეობა მთლიანად დაკავშირებულია ამ სულიერ მოღვაწეებზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მრავალი პრობლემა გვქონდა ჩვენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პრობლემები იყო ღვთის ლოცვა-კურთხევით დაძლეული. დღეს კაცობრიობა დგას დიდი პრობლემის წინაშე. ეს არის გლობალიზაციის პროცესი. ეს თავისთავად გლობალიზაცია არ არის ცუდი მოვლენა, მაგრამ ამას გააჩნია დიდი საშიშროება, რომ ერთფეროვნებად არ გადაიქცეს მთელი მსოფლიო“, – განაცხადა ილია მეორემ.

მისივე თქმით, კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში, ტექნიკაში, კულტურაში, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან სულიერებაში და სარწმუნოებაში

„ეს საშიშროება არის ჩვენს წინაშე. დღეს საქართველო არის ახალი პრობლემების წინაშე. თითქმის 500 ათასი ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალი. ცხინვალი და აფხაზეთის რეგიონი არის ძირძველი ქართული მიწა. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთს მიტროპოლიტი, არასდროს არ ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი. მაგრამ თუ ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაძლეული იქნება, მთავარია, დავძლიოთ სულიერი პრობლემები. ქვეყანაში, ისე როგორც მთელ მსოფლოში, არის სმენისა და სიყვარულის დეფიციტი“, – აღნიშნა უწმინდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ღებულობს მონაწილეობას დიალოგებში, რომელიც არის კათოლიკური ეკლესიასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.

„ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ჩვენ გვეძლევა საშუალება, ვიმუშაოთ ხელნაწერებზე, რომლებიც მრავლად არის ვატიკანის ბიბლიოთეკაში და რომელიც ასახავს ჩვენს წარსულს. ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით მომავალში თუ ამ მეცნიერულ საქმიანობას შეუწყობთ ხელს“, – განაცხადა ილია მეორემ და რომის პაპს საჩუქრად ხატი გადასცა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: არ მგონია, გიგა ბოკერია 9 ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს
შემდეგი სტატია(+ფოტოები) საქართველოს პრეზიდენტი რომის პაპს ფრანცისკეს პირისპირ შეხვდა