ილია მეორე: მუსულმანები ჩვენთან იმაზე ცუდად არ ცხოვრობენ, ვიდრე თქვენთან

ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანის დელეგაციას უმასპინძლა.

უწმინდესმა საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობას და პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ 2 ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სამაგალითო უნდა გახდეს სხვებისთვის.

პატრიარქმა რელიგიური მნიშვნელობის საკითხებზე, მათ შორის, საგარეჯოს სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით. ჩვენი ურთიერთობები დიდ პერიოდს ითვლის. ჩვენ გვქონდა კარგი ურთიერთობა მამათქვენთან და არანაკლები თქვენთან. მახსოვს ჩვენი შეხვედრები თქვენთან, ბაქოში, თქვენი სტუმართმოყვარეობა. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, მაგალითია ბევრისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა კავკასიაში. თქვენ გაქვთ პოლიტიკური საქმიანობის დიდი გამოცდილება და ამიტომ, იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ხალხები იცხოვრებენ მშვიდობიანად. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობა ჩვენს რელიგიებს შორის, ასევე ძალიან კარგია და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენ შორის მართლაც ძმური ურთიერთობებია. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ჩვენ ყოველთვის ვიცავდით ჩვენ ხალხს და კავკასიის ავტორიტეტს“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორემ ილჰამ ალიევთან იმ რელიგიურ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ქართულ მხარეს აწუხებს.

„მუსულმანები ჩვენთან იმაზე ცუდად არ ცხოვრობენ, ვიდრე თქვენთან. მე შემიძლია გითხრათ, რომ 300-ზე მეტი მეჩეთია საქართველოში. მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებისთვის ჩვენი წარმომადგენლებისადმი, ელჩისადმი. რა თქმა უნდა, არსებობს საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას. მაგალითად, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ჰყავს თავისი ეპისკოპოსი და კარგი იქნება, საქართველოსაც ჰყავდეს თავისი ეპისკოპოსი. ძალიან მნიშვნელოვანია საგარეჯოს სამონასტრო კომპლექსი. 3 მონასტერი იმყოფება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს საკითხი შეიძლება მოგვარდეს მერე“, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორე აზერბაიჯანის პრეზიდენტს რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე და საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზეც ესაუბრა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა კავკასიაში. ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ დარღვეულია აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. იმედი გვაქვს, რომ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. კიდევ ერთხელ, გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ დიდხანს გაგეხარებინოთ არამარტო აზერბაიჯანელები, არამედ მთელი კავკასია“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს ნავთობკომპანია „სოკარისგან“ მიღებული უფასო გაზის გამო.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, რომ რელიგიის წარმომადგენლები უფასო გაზს ვიღებთ „სოკარისგან“. მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენი ურთიერთობები ახალ იმპულსებს შეიძენს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება“, – ბრძანა უწმინდესმა.

banner
წინა სტატიაში„გენდერული საუბრები“ ზუგდიდის უმაღლეს სასწავლებელში
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: მოვითხოვ, აშშ-ის საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს ღამით მოხდა მოვლენები