ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს I-ს წერილით მიმართავს

ილია მეორემ უცხოეთში სამუშაოდ წასულ დედებს შვილებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს, მის ყოვლადუწმინდესობა ბართლომეოს I-ს წერილით მიმართავს.

ილია მეორე წერს, რომ მსოფლიო პატრიარქის წერილი საქართველოს საპატრიარქოს არ მიუღია, მისი შინაარსის შესახებ მხოლოდ ინტერნეტით შეიტყვეს და პასუხის დაგვიანებაც ამ მიზეზით არის განპირობებული.

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, გაცნობებთ, რომ ა.წ. 10 ივნისის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების გამო თქვენი თხოვნის შესრულებას ვერ შევძლებთ. სხდომის დადგენილებები თქვენც გადმოგეგზავნათ და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებსაც. მასში აღნიშნული იყო ის კონკრეტული მიზეზები, რამაც განაპირობა ჩვენი ჩამოუსვლელობა. ამიტომაც არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არდასწრების პოლიტიკურ ან ნებისმიერ სხვა ჭრილში გადატანა. ამასთან აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისთვის. ახლა კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი პროექტზე „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“ და მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია VI მსოფლიო კრების 72-ე კანონის დოგმატური აკრძალვის შეცვლა და ეკლესიის საიდუმლოებებში არამართლმადიდებელთა მონაწილეობის დაშვება საკრებო განჩინებით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს დაგმობილი აქვს ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, მეორედ კი – 2016 წლის 25 მაისს. მას ხელი არც მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა იანვრის შეხვედრაზე მოვაწერეთ და თუკი ვინმე აპელირებას მოახდენს შამბეზიში კრების რეგლამენტზე ჩვენს ხელმოწერაზე, მათ შევახსენებთ, რომ ეს ხელმოწერა მოხდა მანამდე, ვიდრე განსახილველად იქნებოდა გამოტანილი აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენც იმედი გვქონდა ერთობლივი პოზიციის შემუშავებისა, რაც არ გამართლდა.

სამწუხაროდ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა ფანარშიც (ა.წ. აპრილში), როცა თქვენი მიწვევით საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად იყო ჩამოსული და რაკი ეს არ განხორციელდა, მათ განმეორებით მოითხოვეს დოკუმენტის კრების დღის წესრიგის ამოღება. ახლაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ განიხილოთ დოკუმენტი „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“, რადგანაც იგი არ გახლავთ მიღებული კონსესუსით და მას არც ანტიოქიის ეკლესია აწერს ხელს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2016 წლის შამბეზის შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ შამბეზში დამოწმებული დოკუმენტები გასაჯაროების შემდეგ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს წარედგინებოდა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ა.წ. 25 მაისს გამართულმა წმინდა სინოდის სხდომამ კი დაადგინა, რომ:

ა) დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ შეიცავს სერიოზულ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკლესია მას მისაღებად არ მიიჩნევს;
ბ) დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“ ასევე ცვლილებებს საჭიროებს (მითითებული იყო კონკრეტული ადგილები);
გ) ქორწინების დოკუმენტზე ზემოთ ვისაუბრეთ.

„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნისა და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დაუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს“, – ნათქვამია ილია მეორის წერილში.

ილია მეორის წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი : პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილი მაღალჩინოსნების მდგომარეობით დაინტერესდა
შემდეგი სტატიადარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა