ილია მეორე კელი დეგნანს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქალბატონმა ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა

საპატრიარქოს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა.

„ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური“, – დასძინა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.

„თავის მხრივ ქალბატონმა კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათთვის დიდი პატივია წვლილი შეიტანონ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაში, როგორებიცაა გელათისა და ჯვრის მონასტრები.

მან ბრძანა ისიც, რომ მომავალ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან და ამასთან დაკავშირებით გეგმავს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ელჩს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: იგეგმება სახალხო დამცველის კონსილიუმის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, დავამატებთ სპეციალისტებსაც, რადგან გამოიკვეთა პრობლემები
შემდეგი სტატიასააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა