ილია მეორე: ჩვენთან არს ღმერთი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2020 13:55

ილია მეორე: ჩვენთან არს ღმერთი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ყველა წმინდანის ხსენების დღესთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, წმინდანი ცდილობს, იყოს უკეთესი დღეს, ვიდრე გუშინ და სულიერ კიბეზე ადის.

პატრიარქის განცხადებით, საქართველო მდიდარია წმინდანებით და ბედნიერია, რომ მადლი უხვად ეფინება ჩვენს ქვეყანას.

„ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღე. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანა ვართ, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი, ვნახე ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას, თეიმურაზ, ლოცულობ ჩვენთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხი, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო, ეს ძლიერი ხატია, საქართველოს დიდება, ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი, დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

რა არის წმინდანი, დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული, წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღევანდელი დღით, არსებული მდგომარეობით, წმინდანი არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი და მე გისურვებთ თქვენ ყველას რომ, ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე.

მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება და წმინდა ნიკოლოზსს უწოდებენ სწრაფ დამხმარეს და სასწაულთმოქმედს. მე პირადად არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიონ თქვენ და საქართველოს, ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ.

ქადაგების შემდეგ მან სამღვდელოების წარმომადგენლები დააჯილდოვა.

„ჩვენი სამღვდელოება თავდადებული სამღვდელოებაა, მოღვაწეობენ, რაც შეუძლიათ და მე ძალიან დიდად ვაფასებ მათ მოღვაწეობას“,- აღნიშნა ილია მეორემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2020 13:55