ილია მეორე – ადამიანმა განვითარება უნდა დაიწყოს საკუთარი თავით

ადამიანი მოწოდებულია, განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა, განვითარება უნდა დაიწყოს საკუთარი თავით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ჩვენ რატომღაც ვიწყებთ სხვა ადამიანებით. იმიტომ ვიწყებთ სხვა ადამიანებით, რომ უფრო ადვილია, უფრო ვხედავთ. როგორი ძნელია, გვაჩვენა ცხოვრებამ, გამოცდილებამ, რომ განცდაი თვისთა ცოდვათა არც ისე იოლი ყოფილა. ადამიანი მოწოდებულია სრულყოფისთვის. მაცხოვარი ამბობს – იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს. ეს ნიშნავს, რომ სრულყოფა, განვითარება დაუსრულებელია, მუდმივია. ადამიანი არასდროს მიაღწევს ისეთ სრულყოფას, როგორიც არის მამაზეციერი, მაგრამ ეს სიტყვები ნიშნავს სრულყოფას აქაც და იქაც, ორივე სოფელსა შინა“, – განაცხადა ილია მეორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, საკუთარ ცოდვათა განცდა რთულია, რადგან ადამიანი არის სუსტი.

„სუსტია, მაგრამ არის ხატება ღვთისა. სუსტია, მაგრამ თავისი მოღვაწეობით, თავისი სულიერი ცხოვრებით მსგავსებას ღვთისას უნდა მიაღწიოს. ღმერთი ხედავს სურვილს და სურვილი უკვე მიაჩნია, როგორც გაკეთებული საქმე კეთილი. სურვილი უკვე ბევრს ნიშნავს. შეიძლება, ადამიანმა ვერ მიაღწიოს ​სასურველს, მაგრამ ღმერთი იმდენად მოწყალეა, რომ სურვილი მიაჩნია, როგორც გაკეთებული საქმე. არის ლოცვა, რომელიც თქვა ეფრემ ასურმა – უფალო და მეუფეო ცხოვრებისაო, თქვენ იცით, ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა ძმისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ცოდვათა, რა ძნელია. მომანიჭე მე განცდა ძმისა ცოდვათა. ადამიანი თავისი ძალით ვერ აღწევს განცდას. ადამიანმა უნდა აიღოს, მიიღოს ძალა ღვთისა. ადამიანი სუსტია, ადამიანი ეცემა. საგალობელი რომ არის – დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ადამიანი ეცემა, ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს, ვერასოდეს ადგება, მაგრამ ამ დროს უფალი თვითონ მიდის ადამიანთან და აყენებს მას. ეს სასწაულია, ეს წყალობაა ღვთისა და ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ამ წყალობას“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში მღელვარებაა, წმინდა მამები კი ამბობენ, რომ ბოლო ჟამის დღეები დგას.

„ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს, ღმერთი ამოკლებს დროს იმისათვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი. ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა შეგვეშინდეს. თქვენ ხედავთ მთელ მსოფლიოში მღელვარებაა. მთელ მსოფლიოში ეძებენ. რას ეძებენ, თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა. აი, როცა მღვდელი, დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს – შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენითა მადლითა, აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული, თქვენი გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება, რომ ვცნოთ თავნი თვისნი. ღმერთმა დაგლოცოთ. ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა“, – მიმართა მრევლს ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, იუნესკო-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს
შემდეგი სტატიაინტერპოლმა გიორგი უდესიანი ძებნიდან მოხსნა