ილია II საერთაშორისო ფონდის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა

2017 წლის 4 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II საერთაშორისო ფონდის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ მმართველი საბჭოს წევრები: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე, პროტოპესვიტერი გიორგი ზვიადაძე, თამაზ გამყრელიძე, გიორგი კვესიტაძე, ნონა გაფრინდაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, დავით მუსხელიშვილი, ლადო პაპავა, არჩილ ფრანგიშვილი , რუსუდან ფეტვიაშვილი, გიორგი ანდრიაძე; ასევე, მოწვეული სტუმრები: აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აღმოსავლეთმცოდნე თამილა მგალობლიშვილი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, აკადემიკოსი სერგო ვარდოსანიძე, ისტორიკოსი ელდარ ბუბულაშვილი და წარმომადგენლები მეციერებათა აკადემიიდან და კულტურის სამინისტროდან
სხდომამ მოისმინა პატრიარქის ფონდის გენერალური მენეჯერის ლაშა ჟვანიას ინფორმაცია ფონდის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტების და 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.
მმართველმა საბჭომ მადლიერება გამოხატა ბატონ დავით იაკობაშვილის მიმართ ფონდის მიერ გასახორციელებელი პროექტების ფინანსური მხარდაჭერის მზაობის გამო.
საბჭომ მოისმინა – ,,მსოფლიო ხვდება საქართველოს’’- პრეზენტაცია.
პროექტი ,,მსოფლიო ხვდება საქართველოს’’ გულისხმობს ევროპული და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის თავალსაჩინო გახადოს ის სულიერი და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, სახელმწიფოებრივი ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, რითაც უძველისი ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყანა – საქართველო – უერთდება თავისუფალ სამყაროს და შეაქვს თავისი წვლილი მსოფლიო კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმის საგანძურში.
საერთაშორისო პროექტი ,,მსოფლიო ხვდება საქართველოს’’ (,, ევროპა ხვდება საქართველოს’’; ,,შეხვედრები საქართველოსთან’’) ზოგადეროვნული, სახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც თავისი მასშტაბით და ორიგინალობით ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, უპრეცენდენტოა ჩვენს სინამდვილეში.
პროექტი მზადდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს ლიდერი სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების და სახელოვნებო ცენტრების, საერთაშორისო არენაზე აღიარებული ქართველი და უცხოელი მეცნიერების თანაავტორობითა და მონაწილეობით.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძე და დავით ცხადაძე.
კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის მმართველმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აკადემიკოსები მზექალა შანიძე, ეთერ ქემერტელიძე და ნანა ხაზარაძე დაჯილდოვდნენ ფონდის საპატიო სიგელით. ასევე, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ანსამბლი „ქართული ხმები“ (ანსამბლის ჩამოყალიბების 30 წლისთავთან დაკავშირებით) და გოგონათა ანსამბლი ,,გორდელა“ (ანსამბლის ჩამოყალიბების 10 წლისთავთან დაკავშირებით).

banner
წინა სტატიაშიეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა
შემდეგი სტატიაყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, ჰქონდეს რაიმე ქონება